მოხარულები ვართ გაცნობოთ, რომ კავკასიის უნივერსიტეტი, სამეცნიერო კიბერ უსაფრთხოების ასოციაციასთან და კიბერ უსაფრთხოების ცენტრთან ერთად შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მეცნიერების პოპულარიზაციისთვის მიზნობრივი საგრანტო კონკურსის გამარჯვებულია.
პროექტის ფარგლებში, იგეგმება „ახალგაზრდა შეღწევადობის ტესტერების უნივერსიტეტის“ დაარსება. რომლის მიზანია საქართველოს სკოლებში, უფროსკლასელებში კიბერ უსაფრთხოების, კერძოდ შეღწევადობის ტესტირების განვითარება, როგორც პრაქტიკული ასევე სამეცნიერო კუთხით.
„ახალგაზრდა შეღწევადობის ტესტერების უნივერსიტეტის“ პროექტის ფარგლებში მონაწილეები მოისმენენ ინტერაქტიულ ლექციებს, გაეცნობიან მოწინავე ექსპერტების მიგნებებს და შეისწავლიან კიბერ უსაფრთხოების, კერძოდ შეღწევადობის ტესტირების მიმართულებას. შედეგად, მსმენელებს მიეცემათ ისეთი ცოდნის ბაზა, რომელსაც სამომავლოდ გაიღრმავებენ და თავად შეძლებენ სამეცნიერო მოღვაწეობის, ან პრაქტიკული საქმიანობის დაწყებას. მსმენელთა ყურადღება დაეთმობა საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის და აპრობირებული მეთოდიკის ძირითად მიმართულებებს. დამსწრე საზოგადოებას მიეცემა საშუალება ჰიბრიდულ რეჟიმში მიიღონ წვდომა ყველა თანამედროვე მოწყობილობის იმიტატორ/სიმულატორებზე.
პროექტის ხელმძღვანელი და ლექტორია კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორი, კიბერ უსაფრთხოების ცენტრის დირექტორი, SCSA_ს პრეზიდენტი - მაქსიმ იავიჩი.
პროექტის კოორდინატორი და ლექტორია - კავკასიის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, გიორგი ახალაია.
პროექტის ლექტორებია: მათემატიკოსი, პროფესორი ავთანდილ გაგნიძე და კიბერ უსაფრთხოების ექსპერტი, SCSA -ს შეღწევადობის ტესტირების გუნდის ხელმძღვანელი - სერგეი სიმონოვი.