23 ივლისს, ჰოლიდეი ინის საკონფერენციო დარბაზში, კავკასიის უნივერსიტეტმა „პარვუს ჯგუფთან“ ერთად ახალი საბაკალავრო პროგრამა - ენერგეტიკა და ელექტროინჟინერია - წარადგინა.
პრეზენტაცია ჩაატარეს კავკასიის ტექნოლოგიების სკოლის დეკანმა შოთა ნიჟარაძემ, პროგრამის ხელმძღვანელმა და პროფესორმა გიორგი არზიანმა და ბიზნესტრენერმა, პროგრამის თანაავტორმა მიშა ზიბზიბაძემ.
კავკასიის უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამა შექმნილია საერთაშორისო აკადემიური სტანდარტების მოთხოვნების მიხედვით და მასში გათვალისწინებულია როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო შრომით ბაზარზე არსებული მოთხოვნები.
პროგრამის მიზანია სტუდენტს მისცეს შესაძლებლობა, მიიღოს ენერგეტიკისა და ელექტროინჟინერიის სფეროს ფართო ცოდნა და მოამზადოს ენერგეტიკის სექტორში დასაქმებისთვის.
პრეზენტაციაზე მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია სასტიპენდიო პროგრამებისა და გრანტების შესახებ, რომელსაც მათ ორგანიზატორები დამატებით სთავაზობენ.
პროგრამის კოდი: 1220113
კავკასიის უნივერსიტეტის პირველ პრიორიტეტად არჩევის შემთხვევაში შეგიძლიათ ისწავლოთ სრულიად უფასოდ ან თანადაფინანსებით.
ტოპ 501 - უფასოდ სწავლის შესაძლებლობა. ეს უნიკალური შეთავაზება სრულად უფინანსებს სწავლას მათ, ვინც:
- პირველ პრიორიტეტად აირჩევს კავკასიის უნივერსიტეტის ნებისმიერ საბაკალავრო პროგრამას
- მოხვდება ერთიანი ეროვნული გამოცდების საკონკურსო ქულებით 501 საუკეთესო აბიტურიენტს შორის ქვეყნის მასშტაბით
CU გრანტი - თანადაფინანსებით სწავლის შესაძლებლობა. ეს შეთავაზება ნაწილობრივ უფინანსებს სწავლას მათ, ვინც:
- პირველ პრიორიტეტად აირჩევს კავკასიის უნივერსიტეტის ნებისმიერ საბაკალავრო პროგრამას
- მოიპოვებს 100%-იან ან 70%-იან სახელმწიფო გრანტს
- მიიღებს შიდა საუნივერსიტეტო დაფინანსებას, წლიურად 1500 ლარს, სრული პროგრამის განმავლობაში
კომპანია პარვუს ჯგუფი, პროგრამაზე აწესებს სასწავლო გრანტს და დააფინანსებს ერთიანი ეროვნული გამოცდებით ჩარიცხულ პირველ 10 სტუდენტს, რომელთაგან საკონკურსო ქულებით პირველი 5 ისწავლის სრულად უფასოდ, შემდეგი 5 კი - 50%-იანი დაფინანსებით.
ყველა სტუდენტს, ვისაც პირველი სემესტრის ბოლოდან ექნება მაღალი GPI (3,5+) დაენიშნება „პარვუსის სტიპენდია“.
პროგრამის განხორციელებაში კავკასიის უნივერსიტეტის გარდა, მონაწილეობენ უნივერსიტეტის პარტნიორი სასწავლო დაწესებულებები, საჯარო ორგანიზაციები და კერძო კომპანიები, მათ შორის პროგრამის ინიციატორი და ავტორი, ენერგეტიკის დარგში მრავალწლიანი გამოცდილების მქონე კომპანია „პარვუს ჯგუფი“, რომელიც ჩართული იქნება სტაჟირების და დასაქმების პროგრამებში.