საერთაშორისო კონფერენცია კავკასიის ტექნოლოგიების სკოლაში

14 დეკემბერი 2021

9 დეკემბერს, კავკასიის უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დღისადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენცია : „არქიტექტურა ბარიერის გარეშე - განათლება, ინკლუზია, ურბანული განვითარება“.

ღონისძიება კავკასიის უნივერსიტეტის ტექნოლოგიების სკოლის, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და სამშენებლო-დეველოპერული კომპანია „არქი ჯგუფის“ მიერ იყო ორგანიზებული.

კონფერენციის ფარგლებში მონაწილეებმა განიხილეს:

  • დღევანდელ ურბანულ გარემოში შშმ პირთათვის არსებული რეალობა და გამოწვევები
  • საქალაქო ინფრასტრუქტურისა და შენობა-ნაგებობების ადაპტირების აუცილებლობის საკითხები
  • მისაწვდომ სივრცეებთან დაკავშირებული არქიტექტურულ-გეგმარებითი ნორმები
  • „მისაწვდომობის ეროვნული სტანდარტები“ და მისი დადებითი გავლენა საქართველოს სივრცის მოწყობის საკითხებზე

 

კონფერენცია მისასალმებელი სიტყვით კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა, კახა შენგელიამ გახსნა. 

ტექნოლოგიების სკოლის სამომავლო გეგმებზე ინკლუზიური კუთხით ვრცელი მოხსენება გააკეთა სკოლის დეკანმა, შოთა ნიჟარაძემ.

შშმ პირთათვის განსაზღვრული გეგმარებითი წესებისა და სტანდარტების საუნივერსიტეტო სასწავლო პროგრამებში ჩართვის მნიშვნელობის კუთხით ისაუბრეს სხვადასხვა უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა, მათ შორის არქიტექტურის პროგრამის პროფესორებმა, გიორგი ლოთიშვილმა და მარიკა ფოჩხუამ.

კონფერენციაში მონაწილეობდნენ გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP)  ექსპერტი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებზე, რუსუდან კოხოძე, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ექსპერიმენტების ხელმძღვანელი ელენა დარჯანია, კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის წარმომადგენელი ნატალი ბუკია.

არქიტექტორები - ვაჟა კუხიანიძე, ნინო ჭრელაშვილი, ოთარ მჭედლიშვილი, ფსიქოლოგი, ინკლუზიური განათლების სპეციალისტი ბაია კუბლაშვილი, საქართველოს სივრცითი განვითარების მართვის ინსტიტუტის (SDMI) თავმჯდომარე ვახტანგ ჯოხაძე, შენობა-ნაგებობების უსაფრთხოებისა და მისაწვდომობის სპეციალისტი თამთა სულავა.

კონფერენციის დასასრულს დაისახა სამომავლო თანამშრომლობის გეგმები გაეროს განვითარების პროგრამასა (UNDP) და კავკასიის უნივერსიტეტის ტექნოლოგიების სკოლის არქიტექტურის პროგრამას შორის.