კავკასიის უნივერსიტეტის დელეგაციის ვიზიტი TH Wildau-ში, გერმანიაში

18 მარტი 2022

 

კავკასიის უნივერსიტეტის დელეგაცია საქმიანი ვიზიტით გერმანიაში, ვილდაუს გამოყენებითი მეცნიერებების ტექნიკურ უნივერსიტეტში იმყოფება.

 

TH Wildau და კავკასიის ტექნოლოგიების სკოლა ციფრული ლოგისტიკის მენეჯმენტის ერთობლივ სამაგისტრო პროგრამას ახორციელებენ, რომელიც გასცემს ერთობლივ დიპლომს და ხორციელდება გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის (DAAD) მხარდაჭერით და საქართველოს ლოგისტიკის ასოციაციასთან (GLA) თანამშრომლობით. აღნიშნულ პროგრამაზე მიღება 2022 წლის სექტემბრიდან დაიწყება.

 

ინგლისურენოვანი სამაგისტრო პროგრამა პირველია რეგიონში, რომელიც ლოგისტიკის მენეჯმენტის მიმართულებით ხორციელდება. ის უნიკალურია თავისი შინაარსით, მულტიდისციპლინური კურიკულუმით, რაც შესაძლებელს ხდის გადაამზადოს მაღალი რანგის, სხვადასხვა დარგის პროფესიონალები.

 

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ხელსაყრელი ლოგისტიკური ადგილმდებარეობიდან გამომდინარე უდიდესი პოტენციალი აქვს გახდეს რეგიონული ლოგისტიკური ჰაბი. რაც ხაზს უსვამს კიდევ ერთხელ იმ ფაქტს, რომ  ბაზარზე კვალიფიციურ კადრებზე მოთხოვნა გაიზრდება და მნიშვნელოვანია სფეროში პროფესიონალი კადრების არსებობა.

 

კავკასიის უნივერსიტეტის დელეგაციის ვიზიტის მთავარი მიზანი ერთობლივი პროგრამის დეტალების განხილვა იყო. შეხვედრის პირველ ნაწილში, მხარეებმა განიხილეს პროექტის სტატუსი, ასევე, დაათვალიერეს პარტნიორი უნივერსიტეტის კამპუსი, ინფრასტრუქტურა და ლოგისტიკის ლაბორატორიები, გაეცნენ იმ სერვისებს, რომლითაც სტუდენტები პროგრამის ფარგლებში ისარგებლებენ გერმანიაში ყოფნისას. გაეცნენ სალექციო პროცესს და შეხვდნენ ლოგისტიკის პროგრამის სტუდენტებს.

 

შეხვედრის მეორე ეტაპზე, მხარეები TH Wildau-ის პარტნიორ ერთ-ერთ უმსხვილეს სადისტრიბუციო კომპანიას - e Com logistic - ესტუმრნენ. შეხვდნენ კომპანიის წარმომადგენლებს, დაათვალიერეს ინფრასტრუქტურა, საწყობები, გაეცნენ კომპანიის ტექნოლოგიებს და ლოგისტიკურ პროცესებს, მონაცემთა სასიცოცხლო ციკლის მართვის საკითხებს, ასევე დეტალებს სტუდენტთა პრაქტიკული სამუშაოების შესახებ.

 

კომპანიაში გაიმართა სამუშაო შეხვედრა, სადაც მხარეებმა განიხილეს სტუდენტთა პრაქტიკისთვის ვაკანტური ადგილების გამოყოფის საკითხი.

 

TH Wildau მოწინავე უნივერსიტეტია გერმანიაში ლოგისტიკის მიმართულებით, ბერლინის მახლობლად, ბრანდენბურგის მიწაზე. იგი წარმოადგენს გერმანიის ერთ-ერთ ყველაზე ინოვაციურ საგანმანათლებლო-სამეცნიერო ცენტრს, რომელიც გასულ წელს დასახელდა სამეცნიერო დაწესებულებების ხუთეულში მთელი გერმანიის მასშტაბით. იგი ფოკუსირებულია ბიზნესის ადმინისტრირებისა და ტექნიკური დისციპლინების ურთიერთდამოკიდებულების თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნაზე, ასევე უახლეს საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებზე. სამეცნიერო-კვლევითი კუთხით იგი თანამშრომლობს ისეთ ტექნოლოგიურ და ლოგისტიკის დარგის გიგანტებთან როგორებიცაა: Mercedes Benz, BMW, Siemens, Bombardier, Airbus, Rolls Royce Sony, Fujitsu, ABB, DB Schenker, DHL, Fiege.