IAUP-ის და KUP-ის ჯგუფების ონლაინ შეხვედრა

6 ნოემბერი 2020

5 ნოემბერს, უნივერსიტეტების პრეზიდენტთა საერთაშორისო ასოციაციის (IAUP) უნივერსიტეტების პრეზიდენტებს და კიშის თავისუფალი ზონის უნივერსიტეტთა პრეზიდენტებს (KUP) შორის პირველი ერთობლივი ონლაინ შეხვედრა გაიმართა.

 

შეხვედრა გახსნა კავკასიის უნივერსიტეტის და უნივერსიტეტთა პრეზიდენტების საერთაშორისო ასოციაციის პრეზიდენტმა კახა შენგელიამ. მან ისაუბრა IAUP-ის მანდატისა და საქმიანობის შესახებ, ასევე კავკასიის უნივერსიტეტის მიღწევებზე. მან ხაზი გაუსვა ორივე ორგანიზაციის მზაობას ხელი შეუწყოს კიშის და ამ რეგიონის უნივერსიტეტების  საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარების პროცესებს.

 

შეხვედრის მიზანი იყო  მონაწილე უნივერსიტეტების სამეცნიერო შესაძლებლობების გაცნობა, საერთაშორისო თანამშრომლობის დამყარება, სტუდენტების მოზიდვისა და გაცვლითი პროგრამების წახალისება, განათლების სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის განვითარების შესახებ იდეების გაზიარება.

 

კონფერენციის მონაწილეებმა, ასევე ისაუბრეს კიშის თავისუფალი ზონის კუნძულზე ირანის მოქმედ საუკეთესო უნივერსიტეტებზე, მათ შესაძლებლობებსა და პოტენციალზე განავითარონ საერთაშორისო თანამშრომლობა და ხელი შეუწყონ  რეგიონის უნივერსიტეტების ინტერნაციონალიზაციის პროცესს. 

 

შეხვედრის პოლიტიკის კომიტეტის წევრები იყვნენ კიშის თავისუფალი ზონის ორგანიზაციის პრეზიდენტი დოქტორი მოზაფარი, ორგანიზაციის გენერალური მენეჯერის სპეციალური ასისტენტი ტექნოლოგიების დარგში დოქტორი დარიუშ სალიმი,  შაფარის უნივერსიტეტის კიშის საერთაშორისო კამპუსის პრეზიდენტი დოქტორი ალი სელქ ყაფარი და IAUP-ის რეგიონული თავმჯდომარე შუა აღმოსავლეთსა და ცენტრალურ აზიაში დოქტორი მოჰამად შარიფ მალექზადე. შეხვედრის ბოლოს სიტყვით გამოვიდა მეცნიერების, კვლევების და ტექნოლოგიების მინისტრის მოადგილე ჰოსეინ სალარ ამოლი.

 

კონფერენციას ესწრებოდნენ უნივერსიტეტების პრეზიდენტები, აკადემიკოსები და ირანის მთავრობის წარმომადგენლები.

 

კახა შენგელიამ ირანში, კუნძულ კიშზე უნივერსიტეტთა პრეზიდენტების საერთაშორისო ასოციაციის (IAUP) ოფისი 2020 წელს გახსნა. მნიშვნელოვანია, რომ ცენტრი დიდ როლს შეასრულებს რეგიონის ინტერნაციონალიზაციაში და მის განვითარებაში.