პროგრამის მიმოხილვა

საჯარო მმართველობის სამაგისტრო პროგრამის მიზანია თეორიული ცოდნითა და პრაქტიკული უნარებით აღჭურვილი, მაღალი ეთიკური სტანდარტების მქონე პროფესიონალი საჯარო მოხელეების აღზრდა და ამით ქვეყანაში სახელმწიფო მართვისა და საჯარო პოლიტიკის სისტემის თვისებრივი გაუმჯობესება.

 

დღეს საქართველო დგას მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე: ქვეყნის ეკონომიკის სწრაფი და მდგრადი განვითარება თავისუფალი ბაზრის პრინციპების დაცვით, თანამედროვე დასავლური ფასეულობების სისტემის შესაბამისი ინსტიტუტების შექმნა და განვითარება, სოციალური კეთილდღეობის უზრუნველყოფა, ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაცია, და სხვა. ამ გამოწვევების დაძლევა და თანამედროვე დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობა მოითხოვს სისტემურ ცვლილებებს სახელმწიფოს მართვის, სახელმწიფო პოლიტიკის დაგეგმვასა და განხორციელების პროცესში. საჭიროა ეფექტური და ეფექტიანი მმართველობის სისტემის შემუშავება და ქვეყნის პოლიტიკური კურსების მიმართულებით შესაბამის ცვლილებების ინიცირება.

 

ამ ხედვის გათვალისწინებით, კავკასიის საჯარო მმართველობის პროგრამის მიზანია ისეთი პროფესიონალი სახელმწიფო მოხელეების აღზრდა, რომლებსაც ექნებათ მულტიდისციპლინური, სისტემური და სიღრმისეული ცოდნა საჯარო მმართველობის სფეროში და პრაქტიკული უნარები ქყვეყნის მართვის პროცესში შესაბამისი ფუნდამენტური ცვლილებების განსახორციელებლად.

 

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ კავკასიის სახელმწიფო მართვის სკოლა გაწევრიანებულია ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფო მართვის ინსტიტუტებისა და სკოლების ქსელში (NISPAcee). სკოლის საგანმანათლებლო პროგრამები და მათ შორის საჯარო მმართველობის სამაგისტრო პროგრამა სრულად შეესაბამება ქსელის წევრი უნივერსიტეტების მიერ აღიარებულ სტანდარტებს და თანხვედრაშია დასავლეთის წამყვანი უნივერსიტეტის ამავე მიმართულების პროგრამებთან.

 

კავკასიის საჯარო მმართველობის სკოლისა და პროგრამის განვითარების კონცეფცია და ამასთანავე თავად პროგრამები 2006 წლიდან შემუშავებულია და განვითარებულია NISPAcee ქსელის ორი ვადით არჩეული პრეზიდენტის (გარდაცვალებამდე, 2012 წ.) დოქტორი, პროფესორი მზია მიქელაძის მიერ.

 

სწავლების ენა: პროგრამაზე სწავლება მიმდინარეობს  ქართულ და ინგლისურ ენებზე