პროგრამის სტრუქტურა

საჯარო მმართველობის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა მოიცავს 120 ECTS კრედიტს, წელიწადში – 60 ECTS კრედიტს, სემესტრში – მერყეობს 28-32 ECTS კრედიტს შორის. შესაბამისად, სამაგისტრო პროგრამის სავარაუდო ხანგრძლივობა შეადგენს 2 წელს (დასაშვები ხანგრძლივობაა 5 აკადემიური წელი). სასწავლო წელი აგებულია სემესტრული პრინციპით. ერთი სემესტრი მოიცავს 19 (21– Fx-ის გადაბარების შემთხვევაში) სასწავლო კვირას, შესაბამისად სასწავლო წელი დაგეგმილია 38 (42) კვირაზე. სწავლა ასევე შეიძლება განხორციელდეს ზაფხულის სემესტრშიც, სკოლის საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად. ზაფხულის სემესტრი შედგება 6 სასწავლო კვირისგან, სადაც სტუდენტმა შეიძლება დააგროვოს მაქსიმუმ 15 ECTS კრედიტი.

 

საჯარო მმართველობის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა მოიცავს 120 კრედიტს, მათ შორის, 50 ECTS – სპეციალობის სავალდებულო საგნების მოდული, 30 ECTS - კვლევის და პრაქტიკის მოდული (შეთავაზებულია 45 ECTS) და სპეციალობის არჩევითი საგნების მოდული, 40 ECTS (შეთავაზებულია 89 ECTS); არჩევითი საგნების მოდული შედგება საჯარო მმართველობის და პოლიტიკის ბლოკისგან (58 ECTS) და უსაფრთხოების და საგარეო პოლიტიკის ბლოკისგან (31 ECTS).

 

საჯარო მმართველობის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტისათვის სავალდებულოა სამაგისტრო ნაშრომის მომზადება და დაცვა, რომელიც მოიცავს 17 კრედიტს. სამაგისტრო ნაშრომზე მუშაობის პარალელურად სტუდენტი ვალდებულია გაიაროს სავალდებულო სამაგისტრო ნაშრომის დიზაინი (3 ECTS). სამაგისტრო ნაშრომი და კვლევის დიზაინი შედის კვლევის და პრაქტიკის მოდულში.


საჯარო მმართველობის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა აძლევს სტუდენტს შესაძლებლობას აირჩიოს 10 ECTS ალტერნატიული/თავისუფალი კრედიტი არჩევითი მოდულის საგნების ნაცვლად კავკასიის უნივერსიტეტის სხვა საგანმანათლებლო პროგრამებიდან, პარტნიორი უნივერსიტეტების საგანმანათლებლო პროგრამებიდან და ECTS კრედიტების მიმნიჭებელი სხვა პროგრამებიდან.