დეკანის მიმართვა

მოგესალმებით.

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება კავკასიის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლაში, რომელიც, მჯერა, თქვენი მომავალი წარმატების საწინდარია.

კავკასიის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლა 2009 წლიდან არსებობს და დღეისათვის ხუთ საბაკალავრო და სამ სამაგისტრო პროგრამას აერთიანებს. სკოლის პროგრამებზე ამჟამად 500-ზე მეტი სტუდენტი ირიცხება, რომელთა განათლებაზე არაერთი მაღალკვალიფიციური, მდიდარი პროფესიული გამოცდილების მქონე დარგის პრაქტიკოსი სპეციალისტი თუ საქვეყნოდ აღიარებული მეცნიერი ზრუნავს.

ჩვენი სკოლის მთავარ ღირებულებას სწავლის მაღალი ხარისხი წარმოადგენს, რადგან გვჯერა, რომ  ქვეყნის და საზოგადოების განვითარების მთავარი გზა სწორედ მაღალი დემოკრატიული ღირებულებების მატარებელ, განათლებულ და თვითრეალიზებულ თაობაზე გადის.  ამიტომ, სკოლის ადმინისტრაცია, უნივერსიტეტის მმართველ გუნდთან და აკადემიურ პერსონალთან ერთად, ძალღონეს არ ზოგავს საიმისოდ, რომ უნივერსიტეტში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, დინამიური და სტუდენტებზე ორიენტირებული სასწავლო გარემო შექმნას. ჩვენ ვცდილობთ სტუდენტებს თანამედროვე და  გამოყენებადი ცოდნა მივცეთ, რათა მათ შეძლონ საკუთარი თავის დამკვიდრება პროფესიულ გარემოში, სადაც სწრაფად მზარდი კონკურენცია თანდათან სცდება ეროვნულ საზღვრებს და მკაფიოდ გამოხატულ საერთაშორისო ხასიათს იძენს. სწორედ ამიტომ, ჩვენი საგანმანათლებლო პროგრამები ითვალისწინებს მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტების გამოცდილებას და სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სფეროში არსებულ უახლეს მიღწევებს ეფუძნება. საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებას მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ასევე ის ფართო საპარტნიორო ქსელი, რომელიც კავკასიის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლას მსოფლიოს არაერთ უნივერსიტეტთან აკავშირებს. ამ პარტნიორობის ფარგლებში, ჩვენი სტუდენტები აქტიურად მონაწილეობენ სხვადასხვა სახის საერთაშორისო გაცვლით პროგრამებში, რაც მნიშვნელოვან კონტრიბუციას წარმოადგენს, როგორც მათი ცოდნის, ისე პიროვნული ზრდისა და განვითარების კუთხით.  

აღნიშვნას იმსახურების ის ფაქტი, რომ ჩვენთან სასწავლო პროცესი ინტერაქტიული და შემოქმედებითია, რაც გულისხმობს სტუდენტის აქტიურ ჩართულობას ლექციის მსვლელობაში. ამას განაპირობებს სწავლების ტრადიციული მეთოდების გვერდით, ისეთი ინოვაციური მეთოდების დანერგვა და გამოყენება როგორებიცაა დისკუსია-დებატების, ჯგუფური მუშაობის, შემთხვევის ანალიზის, როლური და სიტუაციური თამაშის მეთოდები. ამგვარი მეთოდების გამოყენებით მიღებული ცოდნა გააზრებული და სიღრმისეულია, სტუდენტებს უვითარდებათ სამეცნიერო აუდიტორიასთან კომუნიკაციის, საკუთარი აზრის არგუმენტირებულად წარმოჩენის, სხვისი მოსაზრების პატივისცემის და გუნდური მუშაობის უნარები, რაც სამომავლოდ ხელს უწყობს მათ ჩამოყალიბებას დარგის პროფესიონალებად.
       

დასასრულს მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ შევძელით და კავკასიის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლაში ისეთი გარემო დავამკვიდრეთ, რომელიც სტუდენტებს საკუთარი მისწრაფებების რეალიზებაში ეხმარება. ამიტომ, მჯერა, რომ არჩევანი, რომელიც ჩვენს სასარგებლოდ გააკეთეთ, თქვენს მოლოდინებს გაამართლებს და ჩვენთან შეძენილი ცოდნა ცხოვრების მომავალ გზაზე თქვენი პროფესიული და პიროვნული წარმატების საფუძველი გახდება.

 

დავით ნატროშვილი

კავკასიის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის დეკანი