
მედიისა და კომუნიკაციის სფერო ყოველდღიურად იცვლება - იცვლება ამბის მოყოლის ფორმები, ტექნოლოგიები, პლატფორმები და აუდიტორიის ქცევა. თუმცა უცვლელი რჩება მთავარი: პასუხისმგებლობა საზოგადოების წინაშე, კრიტიკული აზროვნება, პროფესიული ეთიკა და თავისუფალი, შემოქმედებითი ხედვა. სწორედ ამ ღირებულებებზე დგას კავკასიის მედიის სკოლა.
ჩვენი ისტორია ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამით დაიწყო. დღეს კი კავკასიის მედიის სკოლა გაცილებით ფართო საგანმანათლებლო სივრცეა, რომელიც აერთიანებს ჟურნალისტიკას, საზოგადოებასთან ურთიერთობასა და სტრატეგიულ კომუნიკაციას, ციფრულ კომუნიკაციას, მედიახელოვნებასა და არტს. ეს განვითარება თანამედროვე მედიისა და შემოქმედებითი ინდუსტრიების მოთხოვნებს ასახავს: სხვადასხვა პროფესიული სფეროს საზღვრები სულ უფრო მეტად იკვეთება, ხოლო წარმატებული სპეციალისტისთვის აუცილებელი ხდება როგორც ტექსტთან, აუდიო და ვიდეოკონტენტთან მუშაობა, ისე ვიზუალური აზროვნება, ტექნოლოგიების ცოდნა და ციფრული პლატფორმების შემოქმედებითად გამოყენება.
კავკასიის მედიის სკოლა სტუდენტებს სთავაზობს ოთხ საბაკალავრო პროგრამას:
- ჟურნალისტიკა და მასობრივი კომუნიკაცია
- საზოგადოებასთან ურთიერთობა და კომუნიკაცია
- ციფრული კომუნიკაცია და მედია-არტი;
- მედიახელოვნების ინგლისურენოვანი ერთობლივი პროგრამა აშშ-ის ნიუ-ჯერსის სითი უნივერსიტეტთან ერთად.
სამაგისტრო საფეხურზე კი სკოლა ახორციელებს პროგრამას, რომელიც აერთიანებს თანამედროვე კომუნიკაციის, საზოგადოებასთან ურთიერთობის, მარკეტინგის, რეკლამის, კვლევის, მართვისა და ციფრული ტექნოლოგიების მიმართულებებს. მას ჰქვია:
- სტრატეგიული კომუნიკაციის სამაგისტრო პროგრამა
ჩვენთან სწავლა მხოლოდ თეორიული ცოდნის მიღებას არ ნიშნავს. სტუდენტები მუშაობენ რეალურ პროექტებზე, ქმნიან ჟურნალისტურ, ციფრულ და აუდიოვიზუალურ პროდუქტებს, სწავლობენ ფოტოგრაფიას, ვიდეოწარმოებას, დიზაინს, ანიმაციას, ციფრულ თხრობასა და ვებტექნოლოგიებს. ისინი მონაწილეობენ კვლევით და შემოქმედებით პროცესებში, თანამშრომლობენ პროფესიონალებთან, სტაჟირებას გადიან პარტნიორ ორგანიზაციებში და სწავლის პერიოდში უკვე ერთვებიან რეალურ სამუშაო გარემოში.
ჩვენი ლექტორები არიან პროფესიონალები, რომლებიც აკადემიურ ცოდნას პრაქტიკულ გამოცდილებას უთავსებენ. ისინი სტუდენტებს თავიდანვე მომავალ კოლეგებად აღიქვამენ და ეხმარებიან საკუთარი პროფესიული ხმის, ინდივიდუალური სტილისა და შემოქმედებითი ხედვის ჩამოყალიბებაში.
ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ კავკასიის მედიის სკოლის კურსდამთავრებული იყოს თავისუფლად მოაზროვნე, პასუხისმგებლიანი და მრავალმხრივი პროფესიონალი - მოქალაქე, რომელსაც შეუძლია საზოგადოებრივი ინტერესის დაცვა, მნიშვნელოვანი ამბების აღმოჩენა და მოყოლა, ეფექტიანი კომუნიკაციის დაგეგმვა, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება და ორიგინალური ვიზუალური თუ ციფრული ნამუშევრების შექმნა.
კავკასიის მედიის სკოლა დაგეხმარებათ, მიიღოთ თანამედროვე განათლება, ჩაერთოთ საერთაშორისო გამოცდილებაში, გაეცნოთ პროფესიულ ბაზარს და იპოვოთ საკუთარი ადგილი მედიაში, კომუნიკაციასა და შემოქმედებით ინდუსტრიებში.
ჩვენთან თქვენ შეგიძლიათ არა მხოლოდ დაეუფლოთ პროფესიას, არამედ შექმნათ ახალი იდეები, აღმოაჩინოთ ახალი შესაძლებლობები.
ნინო ჟიჟილაშვილი
კავკასიის მედიის სკოლის დეკანი
