PR-ისა და კომუნიკაციის საბაკალავრო პროგრამა ამზადებს თანამედროვე კომუნიკაციის პროფესიონალებს, რომლებსაც შეუძლიათ ორგანიზაციების, ბრენდებისა და ინსტიტუციების ეფექტიანი კომუნიკაციის დაგეგმვა, განხორციელება და შეფასება სწრაფად ცვალებად ციფრულ გარემოში. პროგრამა აერთიანებს სტრატეგიულ აზროვნებას, კრეატიულ მიდგომებსა და პრაქტიკულ გამოცდილებას, რათა სტუდენტებმა შეძლონ სხვადასხვა აუდიტორიასთან შედეგზე ორიენტირებული კომუნიკაციის წარმართვა.
სწავლების პროცესში სტუდენტები ეუფლებიან საზოგადოებასთან ურთიერთობის, სტრატეგიული და კორპორაციული კომუნიკაციის, მარკეტინგული კომუნიკაციების, ბრენდის მართვის, რეკლამის, ციფრული კომუნიკაციის, სოციალური მედიის, კონტენტის შექმნის, კრიზისული კომუნიკაციისა და ღონისძიებების მართვის თანამედროვე მეთოდებს.
სწავლება თეორიული საფუძვლების სიღრმისეულ გააზრებასთან ერთად პრაქტიკაზეა ორიენტირებული. სტუდენტები მუშაობენ რეალურ პროექტებზე, თანამშრომლობენ სხვადასხვა ორგანიზაციასთან, ავითარებენ პროფესიულ პორტფოლიოს და სწავლების პროცესშივე იძენენ იმ გამოცდილებას, რომელიც მათ კონკურენტულ უპირატესობას ანიჭებს შრომის ბაზარზე.
პროგრამის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულებს ენიჭებათ მასობრივი კომუნიკაციის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი და შეუძლიათ დასაქმდნენ საზოგადოებასთან ურთიერთობის, სტრატეგიული კომუნიკაციის, მარკეტინგის, ბრენდის მართვის, ციფრული კომუნიკაციის, მედიის, საერთაშორისო ორგანიზაციების, სახელმწიფო უწყებებისა და კერძო სექტორში.
