პროგრამის მიმოხილვა


საგანმანათლებლო საფეხური 
–  საბაკალავრო
მისანიჭებელი ხარისხი – ინჟინერიის ბაკალავრი
კრედიტების რაოდენობა – 240 ECTS
მომიჯნავე სპეციალობა – ტელეკომუნიკაცია
დაშვების წინაპირობა – ერთიანი ეროვნული გამოცდები
პროგრამის დასრულების ვადა – 8 (რვა) აკადემიური სემესტრი
 
ინფორმატიკის საბაკალავრო პროგრამა შექმნილია საერთაშორისო აკადემიური სტანდარტების მოთხოვნების მიხედვით. მასში გათვალისწინებულია ადგილობრივ და საერთაშორისო შრომით ბაზარზე არსებული და მოსალოდნელი მოთხოვნები.
 
რას გთავაზობთ კავკასიის ტექნოლოგიების სკოლა?

პროგრამაში ზოგადსაგანმანათლებლო და კომპიუტერული მეცნიერების საბაზო საგნებთან ერთად წარმოდგენილია 3 მიმართულება/სპეციალიზაცია: პროგრამირება; ქსელები და სისტემები; კომპიუტერული თამაშები. პროგრამაში ასევე მოცემულია ბიზნესის მართვის საინტერესო საგნები. მიღებული მრავალმხრივი ცოდნის შედეგად სტუდენტებს საშუალება ექნებათ არამარტო სწორად და ეფექტურად შექმნან კლიენტი ორგანიზაციის მიერ შეკვეთილი პროდუქტი, არამედ თვითონვე შეძლებენ გააკეთონ საინტერესო შეთავაზებები კლიენტის ბიზნესის სპეციფიკის გათვალისწინებით.

პროგრამაში წარმოდგენილი ზოგადი განათლების საგნები ემსახურება  სტუდენტების ინტელექტის ამაღლებასა და მათი მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებას. ყოველივე ზემოთხსენებული კი საბოლოოდ განაპირობებს სტუდენტების კარგ მომზადებას წარმატებული პროფესიული კარიერისათვის.
 
უცხო ენა
პროგრამა სტუდენტს საშუალებას აძლევს ღრმად შეისწავლოს ინგლისური ენა, რა მიზნითაც პირველი ორი წლის განმავლობაში პროგრამაში ჩადებულია ინგლისური ენის ინტენსიური კურსი. 
 
სპეციალობის პროექტი
პროგრამის ბოლო და ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია სპეციალობის პროექტი. სპეციალობის პროექტი გულისხმობს სტუდენტთა ჯგუფის მიერ რეალური პროდუქტის შექმნასა და მის საბოლოო პრეზენტაციას. წარმატების უზრუნველყოფის მიზნით პროექტის შექმნის თითოეულ ეტაპზე სტუდენტები მიიღებენ კვალიფიციურ კონსულტაციებს ლექტორებისაგან.
 
სპეციალობის პროექტი წარმოადგენს სტუდენტების განსაკუთრებული უნარ-ჩვევების ჩამოყალიბების საბოლოო და კომბინირებულ საშუალებას, რაც ნაკლებად შესაძლებელია ჩვეულებრივ სალექციო გარემოში. ასეთი უნარ-ჩვევების სიაში შეიძლება შედიოდეს: ჯგუფში მუშაობის უნარი და გამოცდილება, მომხმარებლებთან ურთიერთობა, მოლაპარაკებების წარმოება, პრობლემის განსაზღვრა, პროდუქტის შექმნაზე მუშაობა და პრეზენტაციების გაკეთება. სპეციალობის პროექტის ერთ-ერთი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ასპექტი ის არის, რომ იგი სტუდენტებს საშუალებას აძლევს სწავლის დამთავრებამდე შექმნან რეალური პროდუქტი რეალური კომპანიებისათვის და ამით ადრევე ჩამოაყალიბონ ურთიერთობა მომავალ დამქირავებლებთან ან/და კლიენტებთან.
 
პროფესიული კარიერა
 
სტაჟირება და დასაქმება
პროგრამის სტრუქტურა სტუდენტებს საშუალებას აძლევს პროგრამის დასრულებამდე დაიწყონ ზრუნვა პროფესიულ კარიერაზე და დასაქმდნენ მე-3 ან მე-4 კურსიდან. სტუდენტებს ექნებათ საშუალება ჩაერთონ სტაჟირების პროგრამებში ან დაიწყონ სამსახური კავკასიის უნივერსიტეტის დასაქმების სამსახურის  დახმარებით.
 
პროფესიული შესაძლებლობები
კომპიუტერული ტექნოლოგიების ბაკალავრის ხარისხი კურსდამთავრებულს საშუალებას მისცემს დასაქმდეს სხვადასხვა ტიპის ორგანიზაციაში, იქნება ეს სამთავრობო სტრუქტურა, კერძო ბიზნეს კომპანია, არასამთავრობო ორგანიზაცია  თუ სხვა, რადგანაც ნებისმიერი ტიპის ორგანიზაციას სჭირდება კომპიუტერული ტექნოლოგიების სპეციალისტი, განსაკუთრებით კი ისეთი მაღალი დონის სპეციალისტი, რომელსაც მოამზადებს კავკასიის ტექნოლოგიების სკოლა. 
 
როგორც წესი ამ პროგრამის კურსდამთავრებულების პროფესიული საქმიანობა ძირითადად გულისხმობს შემდეგი ტიპის სამუშაოს შესრულებას: პრობლემების ანალიზი და მათი გადაჭრის გზების პოვნა, ტექნოლოგიების ტესტირება, უახლესი საკომუნიკაციო და მულტიმედია ტექნოლოგიების გამოყენება ან უშუალოდ პროდუქტის შექმნა პროფესიულ ჯგუფთან ერთად. 
 

პროგრამის კურსდამთავრებულებმა შესაძლებელია იმუშაონ ისეთ პოზიციებზე, როგორიცაა საინფორმაციო სისტემის მენეჯერი, პროგრამული სისტემის დეველოპერი, საინფორმაციო სისტემის ადმინისტრატორი, ორგანიზაციის საინფორმაციო უსაფრთხოების მენეჯერი, ორგანიზაციის ქსელის ადმინისტრატორი, ბიზნესის ქსელის მენეჯერი, ორგანიზაციის ოპერაციათა მმართველი, ვებ-დიზაინერი, ტექნიკური რედაქტორი, მონაცემთა ბაზების მმართველი, სატელევიზიო/რადიო გადაცემების ტექნიკური რედაქტორი და მრავალი სხვა.

 

  • ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მე-4 (არჩევითი) საგნად ბარდება: მათემატიკა, ფიზიკა, ისტორია, გეოგრაფია.
  • სწავლების საფასური: საქართველოს მოქალაქეებისათვის წელიწადში 2250 ლარი