პროგრამის მიმოხილვა

საგანმანათლებლო საფეხური –  საბაკალავრო

მისანიჭებელი ხარისხი – ინჟინერიის ბაკალავრი

კრედიტების რაოდენობა – 240 ECTS

მომიჯნავე სპეციალობა – ელექტრონიკა და კომპიუტერული ინჟინერია

დაშვების წინაპირობა – ერთიანი ეროვნული გამოცდები

პროგრამის დასრულების ვადა – 8 (რვა) აკადემიური სემესტრი

 

ინფორმაციული ტექნოლოგიების საბაკალავრო პროგრამა შექმნილია საერთაშორისო აკადემიური სტანდარტების მოთხოვნების მიხედვით. მასში გათვალისწინებულია ადგილობრივ და საერთაშორისო შრომით ბაზარზე არსებული და მოსალოდნელი მოთხოვნები.

 

რას გთავაზობთ კავკასიის ტექნოლოგიების სკოლა?

 

პროგრამაში ზოგადსაგანმანათლებლო და კომპიუტერული ტექნოლოგიების საბაზო საგნებთან ერთად წარმოდგენილია ორი მიმართულება/სპეციალიზაცია: პროგრამირება და კომპიუტერული ქსელები და სისტემები, პროგრამაში ასევე მოცემულია ბიზნესის მართვის საინტერესო საგნები. მიღებული მრავალმხრივი ცოდნის შედეგად სტუდენტებს საშუალება ექნებათ არამარტო სწორად და ეფექტურად შექმნან კლიენტი ორგანიზაციის მიერ შეკვეთილი პროდუქტი, არამედ თვითონვე შეძლებენ გააკეთონ საინტერესო შეთავაზებები კლიენტის ბიზნესის სპეციფიკის გათვალისწინებით.

 

პროგრამაში წარმოდგენილი ზოგადი განათლების საგნები ემსახურება  სტუდენტების ინტელექტის ამაღლებასა და მათი მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებას. ყოველივე ზემოთხსენებული კი საბოლოოდ განაპირობებს სტუდენტების კარგ მომზადებას წარმატებული პროფესიული კარიერისათვის.

 

უცხო ენა

 

პროგრამა სტუდენტს საშუალებას აძლევს ღრმად შეისწავლოს ინგლისური ენა, რა მიზნითაც პროგრამაში გათვალისწინებულია ინგლისური ენის ინტენსიური კურსი. 

 

საბაკალავრო ნაშრომი

 

პროგრამის ბოლო და ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია საბაკალავრო ნაშრომი, რომელიც გულისხმობს სტუდენტის / სტუდენტთა ჯგუფის მიერ რეალური პროდუქტის შექმნასა და მის საბოლოო პრეზენტაციას. წარმატების უზრუნველყოფის მიზნით პროექტის შექმნის თითოეულ ეტაპზე სტუდენტები მიიღებენ კვალიფიციურ კონსულტაციებს ლექტორებისაგან.

 

საბაკალავრო ნაშრომი წარმოადგენს სტუდენტების განსაკუთრებული უნარ-ჩვევების ჩამოყალიბების საბოლოო და კომბინირებულ საშუალებას, რაც ნაკლებად შესაძლებელია ჩვეულებრივ სალექციო გარემოში. ასეთი უნარ-ჩვევების სიაში შეიძლება შედიოდეს: ჯგუფში მუშაობის უნარი და გამოცდილება, მომხმარებლებთან ურთიერთობა, მოლაპარაკებების წარმოება, პრობლემის განსაზღვრა, პროდუქტის შექმნაზე მუშაობა და პრეზენტაციების გაკეთება. სპეციალობის პროექტის ერთ-ერთი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ასპექტი ის არის, რომ იგი სტუდენტებს საშუალებას აძლევს სწავლის დამთავრებამდე შექმნან რეალური პროდუქტი რეალური კომპანიებისათვის და ამით ადრევე ჩამოაყალიბონ ურთიერთობა მომავალ დამქირავებლებთან ან/და კლიენტებთან.

 

პროფესიული კარიერა:

 

სტაჟირება და დასაქმება

 

პროგრამის სტრუქტურა სტუდენტებს საშუალებას აძლევს პროგრამის დასრულებამდე დაიწყონ ზრუნვა პროფესიულ კარიერაზე და დასაქმდნენ მე-3 ან მე-4 კურსიდან. სტუდენტებს ექნებათ საშუალება ჩაერთონ სტაჟირების პროგრამებში ან დაიწყონ სამსახური კავკასიის უნივერსიტეტის დასაქმების სამსახურის  დახმარებით.

 

პროფესიული შესაძლებლობები

 

პროგრამის კურსდამთავრებულებმა შესაძლებელია იმუშაონ ისეთ პოზიციებზე, როგორიცაა: საინფორმაციო სისტემის მენეჯერი, პროგრამული სისტემის დეველოპერი, ვებ დეველოპერი, პროგრამისტი, საინფორმაციო სისტემის ადმინისტრატორი, ორგანიზაციის საინფორმაციო უსაფრთხოების მენეჯერი, ორგანიზაციის სისტემური/ქსელის ადმინისტრატორი, ბიზნესის ქსელის მენეჯერი, ორგანიზაციის ოპერაციათა მმართველი, ტექნიკური რედაქტორი, მონაცემთა ბაზების მმართველი  და მრავალი სხვა.

 

მიღებული ხარისხი კურსდამთავრებულს საშუალებას მისცემს დასაქმდეს სხვადასხვა ტიპის ორგანიზაციებში, იქნება ეს სამთავრობო სტრუქტურა, კერძო ბიზნეს კომპანია, არასამთავრობო ან საერთაშორისო ორგანიზაცია  თუ სხვა. საქართველოს შრომის ბაზარზე პოტენციური დამსაქმებლები შეიძლება იყვნენ როგორც უნივერსიტეტის პარტნიორი ორგანიზაციები, ისე სხვა დაინტერესებული მსხვილი თუ მცირე ბიზნეს–კომპანიები, ბანკები, სახელმწიფო სტრუქტურები, საგანმანათლებლო ინსტიტუციები, სოფთვეარული კომპანიები, ვებ დეველოპერული კომპანიები, სატელეკომუნიკაციო ორგანიზაციები და სხვა.