პროგრამის მიმოხილვა

 

სამართლის სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამა შეიქმნა 2009 წელს.

 

სადოქტორო პროგრამის მიზანია, ახალი თაობის მეცნიერ-მკვლევრებისა და აკადემიური პერსონალის მომზადება, დოქტორანტებში ზუსტი და მაღალი აკადემიური სამეცნიერო-კვლევითი უნარების განვითარება. თეორიულ-დოქტრინალური, დოგმატური და პრაქტიკული ასპექტების მეცნიერული ღრმა სწავლებისა და გააზრების პროცესში, სამართლის თეორიისა და თანამედროვე საზოგადოების წინაშე მდგარი პრობლემების (ლოკალურ თუ გლობალურ დონეზე) გადაწყვეტის მიზნით, სამართლის კონკრეტულ დარგში/ქვედარგში ახალი ცოდნის გენერირება, ინოვაციური მიდგომების განვითარება-დანერგვა, წარმოჩენა და დემონსტრირება იმგვარად, რომ  მოახდინოს ზეგავლენა ისეთი ეროვნული სამართლის ჩამოყალიბებაზე, რომელიც ემსახურება ადამიანის ღირსების პატივისცემას, სოციალურ ღირებულებებზე ორიენტირებული, სოლიდარული, მდგრადი, ინკლუზიური საზოგადოების ჩამოყალიბებას, დემოკრატიისა და მართლმსაჯულების გაძლიერებას.

 

კავკასიის სამართლის სკოლა თანამშრომლობს მსოფლიოს წამყვან სამეცნიერო ცენტრებთან და პარტნიორ უნივერსიტეტებთან, რაც ფართო საშუალებას აძლევს დოქტორანტს თავისი სამეცნიერო პოტენციალის რეალიზაციაში.

 

სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამა მოიცავს სასწავლო კომპონენტს (60 ECTS კრედიტი) და სამეცნიერო-კვლევით კომპონენტს - 120 კრედიტი.

სადოქტორო პროგრამის ოფიციალური ხანგრძლივობა შეადგენს არანაკლებ 3 წელს (6 სემესტრი). სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამის ვადის (6 სემესტრის) ამოწურვის შემდეგ აკადემიური დავალიანების მქონე დოქტორანტს უფლება აქვს აქტიური სტუდენტის სტატუსით სწავლას გააგრძელოს არაუმეტეს 4 სემესტრის განმავლობაში.

სასწავლო კომპონენტის დასრულების შემდეგ, დოქტორანტი გადადის სამეცნიერო-კვლევითი კომპონენტის განხორციელებაზე, რომელიც შედგება სადისერტაციო ნაშრომის შესრულებისა და დაცვისგან. დისერტაციის მომზადების პროცესში დოქტორანტი სავალდებულოდ აქვეყნებს ორ სამეცნიერო სტატიას და ერთ საკონფერენციო მოხსენებას.

 

კავკასიის სამართლის სკოლის სადოქტორო პროგრამის დოქტორანტს, სწავლების დასწრებული ფორმის მიუხედავად, შეუძლია სამსახურეობრივ საქმიანობას შეუთავსოს აკადემიური პროცესი. აღნიშნული გარემოების ხელშესაწყობად სასწავლო პროცესი 19:00 საათზე იწყება. დოქტორანტი თავად განსაზღვრავს თავისი აკადემიური დატვირთვის მოცულობას. საკონტაქტო საათების რაოდენობა მაქსიმალურადაა შემცირებული და აქცენტი ძირითადად დოქტორანტის ინდივიდუალურ მუშაობაზეა გადატანილი. პროგრამის სამეცნიერო ნაწილი დოქტორანტს საშუალებას აძლევს ზედმეტი ბიუროკრატიული ბერკეტების გარეშე მიუძღვნას დრო სადისერტაციო კვლევას.

 

პროგრამის ფარგლებში შესაძლებელია საგრანტო პროგრამებში მონაწილეობა და სტიპენდიის მოპოვება ევროპაში სწავლის გაგრძელების მიზნით.

 

დისერტაციის წარმატებული დაცვის შემთხვევაში, დოქტორანტებს მიეცემათ უპირატესობა, დასაქმდნენ კავკასიის სამართლის სკოლაში მაღალი ანაზღაურების პერსპექტივით. კავკასიის სამართლის სკოლის დოქტორანტთა სიაში ირიცხებიან თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეები, ცნობილი ადვოკატები, ნოტარიუსები და მნიშვნელოვანი სახელმწიფო თანამდებობის საჯარო მოხელეები.