კალიგრაფიის ხელოვნება - მოგზაურობა წარსულიდან მომავალში“ მასტერკლასი

24 მარტი 2023

24 მარტს, 15:00 საათზე, კავკასიის უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში, კავკასიის უნივერსიტეტი და საქართველოს კალიგრაფთა ასოციაცია მართავს დავით მაისურაძისა და გიორგი სისაურის კალიგრაფიის მასტერკლასს „კალიგრაფიის ხელოვნება - მოგზაურობა წარსულიდან მომავალში”.  

 

გიორგი სისაურისა და დავით მაისურაძის კალიგრაფიული ქმნილებები დაცულია ბრიტანეთის დედოფლის, ბრიტანეთის ეროვნული ბიბლიოთეკის, ვატიკანისა და სხვა მნიშვნელოვან კოლექციებში; ნიუ-იორკში - გაეროს შტაბ-ბინაში. მათი გამოფენები წარდგენილი იყო კაიროსა და ალექსანდრიაში, დუბაიში,  სოფიაში, ბერლინსა და მილანში,  ევროპისა და აზიის არაერთ ქალაქში.

 

მასტერკლასი მოიცავს ორ მიმართულებას: პერფორმანსსა და პრაქტიკულ ნაწილს. პირველ ეტაპზე კალიგრაფები საჩვენებელ კალიგრაფიულ აქტივობას წარადგენენ - ქართული კალიგრაფია, როგორც თანამედროვე ხელოვნების უნიკალური მიმართულება. პერფორმანსის შემდეგ კი  - წერის ხელოვნებასა და ტექნიკას გააცნობენ დამსწრე საზოგადოებას, რომელთაც შესაძლებლობა ექნებათ, პროფესიონალების ხელმძღვანელობით მოსინჯონ მარჯვენა კალიგრაფიის ხელოვნებაში, ეზიარონ მელნისა და კალმის საიდუმლოს.

 

აღნიშნული ღონისძიება პროექტის _ „მე მიყვარს ქართული - ჩემი სახელმწიფო ენა!“ ნაწილია, რომლის ავტორია კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორი - მარიამ მანჯგალაძე. პროექტი წარმატებით განხორციელდა ლიეტუვაში, ვილნიუსის უნივერსიტეტში, 2016 წლის 14 აპრილს და, მას შემდეგ, სხვადასხვა საინტერესო ფორმატით, ყოველწლიურად ტარდება კავკასიის უნივერსიტეტში.

 

გთხოვთ, მასტერკლასში მონაწილეობის მიღების მსურველებმა რეგისტრაცია გაიაროთ შემდეგ ბმულზე.