მართლწერის ვიქტორინა აბიტურიენტებისათვის - 2024

6 აპრილი 2024

6 აპრილს 12:00 საათზე, კავკასიის უნივერსიტეტში, პროექტის „მე მიყვარს ქართული - ჩემი სახელმწიფო ენა“ ფარგლებში, აბიტურიენტებისათვის მართლწერის ვიქტორინა ჩატარდება.

 

სახელმწიფო ენის სათანადო ცოდნა თითოეული ჩვენგანის მოვალეობაა, შესაბამისად, კავკასიის უნივერსიტეტი ზრუნავს ქართულ ენაზე მართებულად წერის, მეტყველებისა და აზრის ჩამოყალიბების უნარის გასაუმჯობესებლად. უნივერსიტეტის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ენის ეკოლოგიაზე ზრუნვაა და წელს, პირველად, კავკასიის უნივერსიტეტის ნებისმიერ სკოლაში ჩაბარების მსურველ აბიტურიენტს ინდივიდუალურად შეუძლია მიიღოს მონაწილეობა მართლწერის ვიქტორინაში, მათ სპეციალურად შექმნილ ელექტრონულ პროგრამაში უნდა მონიშნონ ორთოგრაფიულად მართებული ფორმები.  

 

  • სულ 60 შეკითხვა იქნება, თითოეული დავალების შესასრულებლად გამოყოფილი იქნება 10 წამი;
  • ეტაპობრივად მოცემული დავალების გამოტოვება არ შეიძლება, მაქსიმუმ 10 წამის განმავლობაში უნდა მოინიშნოს ერთ-ერთი პასუხი შემდეგ დავალებაზე გადასასვლელად (იხ. ქვემოთ რამდენიმე მაგალითის ნიმუში);
  • თავის დაზღვევის მიზნით, ვიქტორინის დაწყებამდე, აბიტურიენტებს დეტალურად ავუხსნით დავალებათა შესრულების ტექნიკურ მხარეს;
  • დავალებების შემოწმება ავტომატურად მოხდება და იქნება გამჭვირვალე - ვიქტორინაში მონაწილე აბიტურიენტთა რეიტინგის ნახვა შესაძლებელი იქნება დარბაზში განთავსებულ ეკრანზე;
  • კონკურსში მონაწილეებს შეეზღუდებათ წვდომა ინტერნეტზე და არ ექნებათ სმარტფონების გამოყენების უფლება;
  • შეფასების კრიტერიუმები: 1. მაქსიმალურად მეტი მართებული პასუხი, 2. მოცემული დროის ლიმიტის ეკონომიურობა (გამარჯვებულები გამოვლინდებიან დროის მცირე მონაკვეთში გაცემული მართებული პასუხების მიხედვით).

 

გამარჯვებულ აბიტურიენტებს საზეიმოდ გადაეცემათ  სასწავლო ვაუჩერები.

 

ვიქტორინაში მონაწილეობის მსურველი აბიტურიენტები უნდა დარეგისტრირდნენ 2024 წლის 21 მარტიდან 4 აპრილის 18 საათამდე მითითებულ ბმულზე.

 

ნიმუში:

 

მონიშნეთ მართებული ფორმები:

 

  • ფსიქო-თერაპევტი
  • ფსიქო თერაპევტი
  • ფსიქოთერაპევტი

 

  • სულერთია
  • სულ ერთია

 

  • გააანალიზა (მან ყველაფერი)
  • გაანალიზა (მან ყველაფერი)

 

მართლწერის კონკურსის ავტორები: პროფ. მარიამ მანჯგალაძე, ასოც. პროფესორი ჭაბუკი ქირია