მართლწერის ვიქტორინა აბიტურიენტებისათვის - 2025

7 აპრილი 2025

2025 წლის 7 აპრილს, 16:00 საათზე, კავკასიის უნივერსიტეტში, პროექტის „მე მიყვარს ქართული - ჩემი სახელმწიფო ენა“ ფარგლებში, აბიტურიენტებისათვის ჩატარდება მართლწერის ვიქტორინა.

 

სახელმწიფო ენის სათანადო ცოდნა თითოეული ჩვენგანის მოვალეობაა, შესაბამისად, კავკასიის უნივერსიტეტი ზრუნავს ქართულ ენაზე მართებულად წერის, მეტყველებისა და აზრის ჩამოყალიბების უნარის გასაუმჯობესებლად. ვინაიდან უნივერსიტეტის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ენის ეკოლოგიაზე ზრუნვაა, კავკასიის უნივერსიტეტის ნებისმიერ სკოლაში ჩაბარების მსურველ აბიტურიენტს შეუძლია ინდივიდუალურად მიიღოს მონაწილეობა მართლწერის ვიქტორინაში. კონკურსის მონაწილემ სპეციალურად შექმნილ ელექტრონულ პროგრამაში უნდა მონიშნოს ორთოგრაფიულად მართებული ფორმები.  

 

  • სულ 60 შეკითხვა იქნება, თითოეული დავალების შესასრულებლად გამოყოფილი იქნება 10 წამი;
  • ეტაპობრივად მოცემული დავალების გამოტოვება არ შეიძლება, მაქსიმუმ 10 წამის განმავლობაში უნდა მოინიშნოს ერთ-ერთი პასუხი შემდეგ დავალებაზე გადასასვლელად (იხ. ქვემოთ რამდენიმე მაგალითის ნიმუში);
  • თავის დაზღვევის მიზნით, ვიქტორინის დაწყებამდე, აბიტურიენტებს დეტალურად ავუხსნით დავალებათა შესრულების ტექნიკურ მხარეს;
  • დავალებების შემოწმება ავტომატურად მოხდება და იქნება გამჭვირვალე - ვიქტორინაში მონაწილე აბიტურიენტთა რეიტინგის ნახვა შესაძლებელი იქნება დარბაზში განთავსებულ ეკრანზე;
  • კონკურსში მონაწილეებს შეეზღუდებათ წვდომა ინტერნეტზე და არ ექნებათ სმარტფონების გამოყენების უფლება;
  • შეფასების კრიტერიუმები: 1. მაქსიმალურად მეტი მართებული პასუხი, 2. მოცემული დროის ლიმიტის ეკონომიურობა (გამარჯვებულები გამოვლინდებიან დროის მცირე მონაკვეთში გაცემული მართებული პასუხების მიხედვით).

 

გამარჯვებულ აბიტურიენტებს საზეიმოდ გადაეცემათ  სასწავლო ვაუჩერები.

 

ვიქტორინაში მონაწილეობის მსურველი აბიტურიენტები უნდა დარეგისტრირდნენ 2025 წლის 5 აპრილის 18 საათამდე მითითებულ ბმულზე.

 

ნიმუში:

 

მონიშნეთ მართებული ფორმები:

 

1.

  • ფსიქო-ანალიზი
  • ფსიქო ანალიზი
  • ფსიქოანალიზი

 

2. 

  • გაათასკაცებს
  • გააათას კაცებს
  • გააათასკაცებს

 

3.

  • გააანალიზა (მან ყველაფერი)
  • გაანალიზა (მან ყველაფერი)

 

4.

  • მიკრო ბიოლოგია
  • მიკრობიოლოგია
  • მიკრო-ბიოლოგია

 

მართლწერის კონკურსის ავტორები: პროფ. მარიამ მანჯგალაძე, ასოც. პროფესორი ჭაბუკი ქირია