კავკასიის მედიის სკოლა, აცხადებს აბსტრაქტების მიღებას სამეცნიერო კონფერენციაზე „მედიაწიგნიერება ფორმალურ განათლებაში“, რომელიც 16 დეკემბერს, 15:00 საათზე, კავკასიის უნივერსიტეტში გაიმართება.
კონფერენცია ჩატარდება შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ 2021 წელს დაფინანსებული პროექტის „მედიაწიგნიერება ფორმალურ განათლებაში“ ფარგლებში.
კონფერენციის მიზანია, რომ მედიაწიგნიერების საკითხებზე მომუშავე აკადემიური სფეროს წარმომადგენლებს მისცეს საშუალება, რომ მათი საქმიანობის შედეგები კოლეგებს გაუზიარონ. კონფერენციაში მონაწილეობისათვის ვიწვევთ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების აკადემიურ პერსონალსა და საქართველოს საჯარო და კერძო სკოლების პედაგოგებს.
აბსტრაქტის მომზადების წესი:
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების აკადემიურმა პერსონალმა უნდა წარმოადგინოს აბსტრაქტი, რომელიც აღწერს მედიაწიგნიერების საკითხებთან დაკავშირებული კვლევითი ან საგანმანათლებლო საქმიანობის შედეგებს.
სკოლის პედაგოგებმა უნდა წარმოადგინონ აბსტრაქტი, რომელიც დეტალურად აღწერს მათ მიერ სკოლის მოსწავლეებთან ჩატარებულ მედიაწიგნიერების საკითხებთან დაკავშირებულ საქმიანობას.(მონაწილე პედაგოგებს გადაეცემათ კონფერენციაში მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატები)
აბსტრაქტის მოცულობა: მინიმუმ 700 სიტყვა. გთხოვთ, რომ აბსტრაქტს დაურთოთ განმცხადებლის საკონტაქტო ინფორმაცია და ბიოგრაფიული მონაცემები.
მონაწილეობის მსურველებს შეუძლიათ აბსტრაქტები გამოგზავნონ 1 დეკემბრის ჩათვლით კავკასიის მედიის სკოლის ელ. ფოსტის მისამართზე: csm@cu.edu.ge
ასევე,დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ მითითებულ ელ. ფოსტის მისამართზე.