კონფერენცია - „ხელოვნური ინტელექტი განათლებაში და შრომის ბაზრის გამოწვევები“

21 ნოემბერი 2023

17 ნოემბერს, კავკასიის უნივერსიტეტში, ადამიანური რესურსების პროფესიონალთა გილდიისა (HRPG) და კავკასიის უნივერსიტეტის მიერ გაიმართა კონფერენცია თემაზე: „ხელოვნური ინტელექტი განათლებაში და შრომის ბაზრის გამოწვევები“.

 

კონფერენციის მომხსენებლები იყვნენ როგორც ფსიქოლოგიის, ფილოსოფიის, კულტუროლოგიის, მარკეტინგის, ტრენინგებისა და განვითარების დისციპლინების ცნობილი მეცნიერები, ასევე პრაქტიკოსი ექსპერტები, რომელთა საქმიანობაც დაკავშირებულია ხელოვნური ინტელექტის, განათლებისა და შრომის ბაზრის ურთიერთგავლენას და მათ როლზე ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაში. აღნიშნულმა ღონისძიებამ დამსწრე საზოგადოებას მისცა საშუალება, რომ მიეღოთ ინფორმაცია იმ საფრთხეებისა და შესაძლებლობების შესახებ, რომელიც წარმოადგინეს მომხსენებლებმა. ეს იყო პირველი მცდელობა განათლებაზე და შრომის ბაზარზე ხელოვნური ინტელექტის როლისა და გავლენის შესახებ წარმოდგენილი ინფორმაცია ასახულიყო მრავალმხრივად.

 

კონფერენციის მიზანი იყო: ხელოვნური ინტელექტისა და განათლების რთული ურთიერთქმედების მასშტაბების განსაზღვრა; საგანმანათლებლო მეთოდოლოგიებში ხელოვნური ინტელექტის ტრანსფორმაციული პოტენციალის გაშიფვრით, სამუშაო ძალის მოთხოვნებზე და გამოწვევებზე მისი გავლენის ხარისხის, მასშტაბების დადგენა; თანამედროვე შრომის ბაზრის მოთხოვნების გათვალისწინებით, ხელოვნური ინტელექტის განვითარებადი სწავლების პარადიგმების შესაბამისობის დადგენა; ხელოვნური ინტელექტის განვითარებას, განათლებასა და შრომის ბაზრის დინამიკას შორის არსებული გარღვევების აღმოსაფხვრელად და სირთულეების დასაძლევად გზების, საშუალებების და შესაძლებლობების გამოვლენა, რაც ხელ შეუწყობს განვითარებად სამუშაო მოთხოვნებსა და საგანმანათლებლო სტრატეგიებს შორის არსებული დისბალანსის რეგულირებას.

 

მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, გასცნობოდნენ ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტებს, როგორიცაა პერსონალიზებული სასწავლო პლატფორმები და ინტელექტუალური სწავლების სისტემები, რომლებსაც შეუძლიათ გააუმჯობესონ სწავლების მეთოდები და მოერგონ ინდივიდუალური სტუდენტის საჭიროებებს და შრომის ბაზრის მოთხოვნებს.

 

დარგის ექსპერტებმა დამსწრე აუდიტორიას გაუზიარეს თავიანთი ცოდნა, საუკეთესო პრაქტიკა, ინოვაციური მიდგომები და პრაქტიკული შეხედულებები, რომლებიც მონაწილეებს შეუძლიათ, რომ გამოიყენონ თავიანთ სამუშაოსა თუ კვლევებში პრობლემების გადასაჭრელად.

 

კონფერენციის მნიშვნელობა:

 

  • განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს განათლების სისტემისთვის. ის უზრუნველყოფს პლატფორმას, სადაც შესაძლებელია განხილულ იქნას, თუ რა შესაძლებლობები გააჩნია ხელოვნურ ინტელექტს სწავლების მეთოდოლოგიების გასაუმჯობესებლად და შრომის ბაზრის განვითარებადი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად.
  • გადამწყვეტი მნიშვნელობა გააჩნია შრომის ბაზრისთვის, ვინაიდან ჩნდება შესაძლებლობა გამოიკვეთოს განათლებაზე ხელოვნური ინტელექტის გავლენა და შემდგომ, სამუშაო ძალის მოთხოვნებზე. დაინტერესებულ მხარეებს ექნებათ საშუალება წინასწარ განსაზღვრონ უნარების ცვლილებების მასშტაბები და მიმართულებები, განჭვრიტონ და გადაჭრან ტექნოლოგიური სირთულეები და ასევე, შეუსაბამონ საგანმანათლებლო სტრატეგიები სამუშაო ძალის მზარდ მოთხოვნებს. რაც ხელს შეუწყობს შრომის ბაზრის, ხელოვნური ინტელექტის საფუძველზე შექმნილი პროფესიული გამოწვევებისთვის მზაობას და კვალიფიციურ მუშახელით უზრუნველყოფის ალბათობის ზრდას.
  • უაღრესად მნიშვნელოვანია უახლოეს მომავალში და უკვე დღეს, უნარების განვითარების ხელშეწყობისთვის, განათლების სხვადასხვა ფორმის ხელმისაწვდომობის გაზრდისა და შრომის ბაზრის მზარდი მოთხოვნების დაკმაყოფილებისთვის. ხელოვნური ინტელექტისა და განათლების სინერგიას შეუძლია წარმართოს ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური ზრდა, მომავლისთვის მზა ადამიანური კაპიტალით უზრუნველყოფა და გლობალურ არეალში ტექნოლოგიებზე ორიენტირებულ კონკურენტუნარიანობის გაძლიერება.