14 იანვარს, კავკასიის უნივერსიტეტსა და „სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრს" შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელიც ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით ახორციელებს პროექტს „ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამას“ (PITA), საქართველოს გაეროს ასოციაციისა (UNAG) და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით.
მემორანდუმს ხელი კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა, კახა შენგელიამ და „სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრის" დირექტორმა, კახა გაბუნიამ მოაწერეს.
მემორანდუმს ხელი პროექტის, „ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამა“ ფარგლებში მოეწერა. პროექტის ფარგლებში, სხვა მნიშვნელოვან აქტივობებთან ერთად, განხორციელდა უნივერსიტეტთაშორისი ქსელის შექმნა, რომელიც აერთიანებს საქართველოში მოქმედ იმ უმაღლეს სასწავლებლებს, რომლებშიც სხვადასხვა ეთნიკური წარმომავლობის უმცირესობათა წარმომადგენელი სტუდენტები სწავლობენ და მოქმედებს ქართულ ენაში მომზადების პროგრამა.
უნივერსიტეტთაშორისი ქსელის მთავარი მიზანია სახელმწიფო ენის სწავლების მიმართულებით გამოცდილების ურთიერთგაზიარება, უმცირესობათა ინტეგრაციის მიმართულებით ერთობლივი პროექტების დაგეგმვა და განხორციელება, ტოლერანტობისა და მიმღებლობის კომპეტენციების ამაღლება სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებში.