კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტი კახა შენგელია და მისი დელეგაცია ერთი კვირიანი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ესტუმრნენ ირანის ქალაქ ისფაჰანს. ვიზიტის პირველ ორ დღეს დელეგაცია იმყოფებოდა ისფაჰანში, სადაც ოფიციალური შეხვედრა გამართეს ხორასგანის ისლამური აზადის უნივერსიტეტის პრეზიდენტთან დოქტორ ფაიამ ნაჯაფისთან და უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან.
შეხვედრისას მხარეებმა განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებები, მათ შორის: სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის გაცვლა, ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამების განვითარება ქართულ და სპარსულ ენებში, ასევე ერთობლივი კვლევითი პროექტები და საერთაშორისო აკადემიური ინიციატივები.
ოფიციალური შეხვედრის შემდეგ დელეგაცია ეწვია უნივერსიტეტის სხვადასხვა ფაკულტეტებს, ლაბორატორიებს, სამეცნიერო-კვლევით ცენტრებსა და სტუდენტურ სტარტაპ კომპანიებს. ვიზიტის ფარგლებში, ასევე, ჩატარდა კულტურულ-შემეცნებითი ტური ქალაქ ისფაჰანში, რომლის დროსაც დელეგაციამ მოინახულა ისტორიული და კულტურული ღირსშესანიშნაობები.
ეს ვიზიტი მნიშვნელოვანი ეტაპი იყო ირანსა და საქართველოს შორის საგანმანათლებლო და კულტურული ურთიერთობების გაღრმავებისთვის.