|
კავკასიის უნივერსიტეტის Erasmus+ ჟან მონეს პროექტის „ევროპული სწავლების სამკუთხედი“ (TEESS) ფარგლებში, 4-5 მარტს, მარნეულის N3 ქართულ-რუსულ საჯარო სკოლაში საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეების, მათი მშობლებისა და მასწავლებლებისათვის ჩატარდა ვორკშოპები თემაზე „ევროპული ასოცირების პროცესები საქართველოში.“
პროექტის „ევროპული სწავლების სამკუთხედი“ (TEESS) განხორციელებას მარნეულში საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან ერთად, მხარი დაუჭირა მარნეულის საგანმანათლებლო რესურს ცენტრმა, ასევე ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ქვემო ქართლის რეგიონალურმა წარმომადგენლობამ.
ვორკშოპები მიზნად ისახავდა საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების მხარდაჭერას ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში. მსმენელების ცნობიერების ამაღლებას საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო ეკონომიკური სივრცის შეთანხმებისა (AA/DCFTA) და სწორი საინფორმაციო პოლიტიკის შესახებ.
ვორკშოპებში მონაწილეობა მიიღო 120-მდე მსმენელმა. ვორკშოპები გამოირჩეოდა მოსწავლეთა, მშობელთა და მასწავლებელთა განსაკუთრებული ინტერესით. საკითხების განხილვაში აქტიურად ერთვებოდა თითოეული მსმენელი. ასეთი შეხვედრების მნიშვნელობის შესახებ ისაუბრეს როგორც ისტორიისა და სამოქალაქო განათლების მასწავლებლებმა, ისე უცხო ენების პედაგოგებმაც, რომლებმაც აღნიშნეს, რომ მათთვის მიწოდებული ინფორმაცია და პროექტის ფარგლებში დაბეჭდილი სახელმძღვანელო (დამხმარე სახელმძღვანელო ისტორიისა და სამოქალაქო განათლების მასწავლებლებისათვის „ევროპული ასოცირების პროცესი საქართველოში“), მისცემს მათ შესაძლებლობას გაზარდონ ევროინტეგრაციისა და ასოცირების თემატიკის შესწავლა-განხილვა საგაკვეთილო თუ საპროექტო სწავლების პროცესში.
შეხვედრის დროს დაანონსდა პროექტის ფარგლებში გამოცხადებული მოსწავლეთა ესეების კონკურსი „მე დავინახე ევროპა საქართველოში“. ისინი ახალციხელი მოსწავლეების მსგავსად, ქართულ ენაზე, წერილობითი ფორმით წარმოადგენენ საკუთარ შეხედულებებს AA/DCFTA–ს მნიშვნელობის შესახებ საქართველოს განვითარებაში და მათ პირად ცხოვრებაში, თუ როგორ ხედავენ საკუთარ თავს ისინი ევროპულ ფასეულობებზე დაფუძნებული დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობაში.
პროექტის მიმდინარეობა მარნეულში ქართულ და აზერბაიჯანულ ენებზე გააშუქა ადგილობრივმა ტელევიაზიამ და პრესამ.