14 დეკემბერს კავკასიის უნივერსიტეტის მმართველ საბჭოსთან გაიმართა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ERASMUS + CBHE ინსტიტუციური განვითარების პროექტის „ფსიქოლოგიური კონსულტაციის ცენტრების გახსნა სტუდენტებისთვის საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში (E-PSY)" ფარგლებში ჩატარებული კვლევის შედეგების პრეზენტაცია.
კვლევის შედეგები მმართველ საბჭოს კავკასიის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის დეკანმა დავით ნატროშვილმა გააცნო. კვლევა მიზნად ისახავდა სტუდენტების მოლოდინებისა და დამოკიდებულებების შესწავლას საუნივერსიტეტო სივრცეში ფსიქოლოგიური საკონსულტაციო ცენტრების და კვალიფიციური ფსიქოლოგიური მომსახურების მიღების საჭიროების შესახებ.
რაოდენობრივი კვლევა ჩატარდა მთელი ქვეყნის მასშტაბით და მასში მონაწილეობა მიიღო 6374 სტუდენტმა. კვლევის შედეგად გამოიკვეთა, რომ ფსიქოლოგიური პრობლემების დროს სტუდენტების უმეტესობა ამჯობინებს მიმართოს მეგობარს ან თვითდახმარებას. ამავე დროს, კვლევამ აჩვენა, რომ გამოკითხული სტუდენტების 83% მზად არის, საჭიროების შემთხვევაში, ისარგებლოს ფსიქოლოგიური საკონსულტაციო ცენტრით თუკი ასეთი ცენტრი უნივერსიტეტში იქნება.
წარმოდგენილი კვლევის შედეგებით კიდევ ერთხელ დადასტურდა საუნივერსიტეტო სივრცეში სტუდენტთა ფსიქოლოგიური კონსულტაციის ცენტრის გახსნის საჭიროება.
პროექტის მიზანია საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, მათ შორის კავკასიის უნივერსიტეტში, სტუდენტთა ფსიქოლოგიური კონსულტაციის ცენტრების ჩამოყალიბება და გადაწყვეტილების მიმღები პირებისათვის (საქართველოს ხელისუფლების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლების) ოფიციალური დოკუმენტების განვითარება, რომ საზოგადოებას აუმაღლდეს ცნობიერება მენტალური ჯანმრთელობის შესახებ და ყურადღება გამახვილდეს ქართულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სტუდენტთა ფსიქოლოგიური კონსულტაციის მნიშვნელობაზე.