4 აპრილს, კავკასიის უნივერსიტეტში, ქართული ენის დღეების შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა, სადაც ცნობილ ქართველ პოეტსა და ფოლკლორისტს, პროფესორ ეთერ თათარაიძეს გადაეცა კავკასიის უნივერსიტეტის მიერ დაარსებული ჯილდო - „ქართული ენის ქომაგი“, რომელიც, განსაკუთრებული წვლილისა და გამორჩეული იდეების განხორციელებისათვის, ყოველწლიურად გადაეცემა ცნობილ ქართველოლოგებსა თუ ქართული ენის პოპულარიზაციის ხელშემწყობ ქართველ და უცხოელ მკვლევრებს.
ღონისძიებას დაესწრნენ: ნუნუ მიცკევიჩი - განათლების საერთაშორისო ცენტრის ხელმძღვანელი, საულიუს ვალაინისი - ლიეტუვის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის მოადგილე საქართველოში და სხვა საპატიო სტუმრები.
ღონისძიების ფარგლებში მოეწყო დავით მაისურაძისა და გიორგი სისაურის კალიგრაფიული ნამუშევრების გამოფენა; შედგა ეთერ თათარაიძის ლექსების ბილინგვური (ქართულ-უკრაინული) კრებულის „ლექს ვარ ჯერაც გასაშიფრ“ პრეზენტაცია; დაჯილდოვდა მართლწერის ვიქტორინაში გამარჯვებული გუნდი - მათ ლიეტუვის პარლამენტიდან გამოგზავნილი საჩუქრები გადასცა საქართველოში ლიეტუვის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის მოადგილემ საულიუს ვალაინისმა.
ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ:
მარიამ მანჯგალაძე - კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორი, პროექტის ავტორი
კახა შენგელია - კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტი
ნუნუ მიცკევიჩი - განათლების საერთაშორისო ცენტრის ხელმძღვანელი
საულიუს ვალაინისი - ლიეტუვის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის მოადგილე საქართველოში
ეთერ თათარაიძე - ქართველი პოეტი და პროფესორი
ნატალია ტროხიმი - უკრაინელი მწერალი და მთარგმნელი
ასევე, ლიტერატურის კრიტიკოსი ნინო ვახანია, მთარგმნელი - მაია თარგამაძე და სხვა მოწვეული სტუმრები.
ღონისძიების ბოლოს გაიმართა კავკასიის უნივერსიტეტის ფოლკლორული ანსამბლის საჩვენებელი კონცერტი.
24 მარტიდან 4 აპრილის ჩათვლით, პროფესორ მარიამ მანჯგალაძის ინიციატივითა და კავკასიის უნივერსიტეტის ორგანიზებით, ქართული ენის დღეების ფარგლებში, სხვადასხვა ღონისძიება ჩატარდა, მათ შორის: მასტერკლასი - „კალიგრაფიის ხელოვნება - მოგზაურობა წარსულიდან მომავალში“, მართლწერის ვიქტორინა - „ვწერ და ვმეტყველებ გამართული ქართულით!“, დისკუსია - ენა და დიალექტი; ფერეიდნული დიალექტის მარგალიტები; შემოქმედებითი დიალოგი: „დიალექტები - დედამდინარეში ჩამდინარე ნაკადულები“ (საქართველოსა და უკრაინის მაგალითი).
„ქართული ენის ქომაგის“ ჯილდო დამზადებულია Lepert Arts-ის მიერ.
პროექტის მხარდამჭერები იყვნენ:
- სახელმწიფო ენის დეპარტამენტი
- საქართველოს კალიგრაფთა ასოციაცია
- ლიეტუვის პარლამენტის საქართველოს მხარდამჭერთა კომიტეტი
- ლიეტუვის საელჩო საქართველოში
- საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა