პროგრამა არის აკრედიტებული და გაიცემა 12 კრედიტ ქულა.
სამედიცინო მომსახურებასთან ასოცირებული (სმა) ინფექციების პრევენციისა და კონტროლის ღონისძიებების სრულყოფა საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემის მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს. სმა ინფექციები ფართოდ გავრცელებული გართულებაა, რომელიც გავლენას ახდენს როგორც პაციენტის ავადობასა და სიკვდილიანობაზე, ასევე მნიშვნელოვნად ზრდის სამედიცინო მომსახურებაზე გაწეულ ხარჯებს, თუმცა, მათი მნიშვნელოვანი ნაწილის თავიდან აცილება შესაძლებელია. „მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 22 ნოემბრის №359 დადგენილებაში შეტანილი ცვლილება ავალდებულებს სტომატოლოგიური მომსახურების მიმწოდებელ სამედიცინო დაწესებულებებს იზრუნონ სმა ინფექციის პრევენციისა და კონტროლის მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე რეგლამენტის შესაბამისად, რაც პირველ რიგში გულისხმობს ამ მიმართულებით პერსონალის განსწავლას.
სასწავლო პროგრამის მიზანია სტომატოლოგიური დაწესებულებების პერსონალის განსწავლა სამედიცინო მომსახურებასთან ასოცირებული ინფექციების დიაგნოსტიკის, აღრიცხვის, მართვის, ზედამხედველობისა და პრევენციის, აგრეთვე, ინფექციის პრევენციისა და კონტროლის პრაქტიკასთან დაკავშირებული ღონისძიებების დაგეგმვის, განხორციელების და მათი ეფექტურობის შეფასების, ანტიმიკრობული პრეპარატების და ანტიმიკრობული პროფილაქტიკის მეთოდების რაციონალური გამოყენების მიმართულებით, მსოფლიოში არსებული საუკეთესო პრაქტიკის გამოცდილების გათვალისწინებით.