„არქიტექტურული პრემია 2022“ - კავკასიის უნივერსიტეტის ისტორიული შენობის რეკონსტრუქცია საუკეთესოდ დასახელდა

5 აგვისტო 2022

31 ივლისს, "საქართველოს არქიტექტორთა ასოციაციის" და ჟურნალი „STYLE“-ის  ორგანიზებით, მე-16 საერთაშორისო არქიტექტურული კონკურსის ,,არქიტექტურული პრემია 2022,,-ის დაჯილდოების  საზეიმო  ცერემონიალი გაიმართა.

 

კავკასიის უნივერსიტეტის ისტორიული შენობის პროექტს პირველად, ,,არქიტექტურული პრემიის,, ისტორიაში, ნომინაციაში - რესტავრაცია-რეკონსტრუქცია - გადაეცა ჟურნალი „STYLE“-ის სპეციალური პრიზი. აღნიშნული რეკონსტრუქციის ავტორია ზაქარია ქურდიანი, ინტერიერის დიზაინი კი მარიტა ჭანჭალეიშვილს ეკუთვნის.

 

კონკურსი ყოველწლიურად ტარდება არქიტექტურისა და ინტერიერის დიზაინის სფეროში მოღვაწე პროფესიონალთათვის, რომელიც ქალაქმშენებლობის,  შენობების, საცხოვრებელი თუ საზოგადოებრივი სივრცის, ინტერიერის დიზაინის სფეროს და სტუდენტურ არქიტექტურულ თუ ინტერიერულ პროექტებს მოიცავს. 

 

საერთაშორისო კონკურსის მიზანია საუკეთესო  პროექტების წარმოჩენა და იმ არქიტექტორებისა თუ დიზაინერების დაფიქსირება, რომელთაც თავისი წვლილი შეაქვთ არქიტექტურის განვითარებაში.

 

საერთაშორისო კონკურსზე განიხილება ნამუშევრები -  რეალიზებული და სარეალიზაციო პროექტები და სტუდენტური პროექტები - ათ სხვადასხვა ნომინაციაში, რომელსაც კონკურსის ორგანიზატორის, საქართველოს არქიტექტორთა ასოციაციის მიერ სპეციალურად შერჩეული ჟიური ამტკიცებს.