ბასკეთის კულინარიული ცენტრის წარმომადგენლის ვიზიტი კავკასიის უნივერსიტეტში

8 ივნისი 2021

 

8 ივნისს, კავკასიის უნივერსიტეტს, მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი ბასკეთის კულინარიული ცენტრის გასტრონომიული პროგრამების საერთაშორისო განვითარების მენეჯერი, ალბერტო როდრიგეზი ეწვია.

სტუმარს, კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა, კახა შენგელიამ უმასპინძლა და კამპუსი დაათვალიერებინა.

ვიზიტის ფარგლებში, ალბერტო როდრიგეზი შეხვდა კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტ კახა შენგელიას, კავკასიის უნივერსიტეტის ვიცე-პრეზიდენტ ბუბა ლეჟავას, საერთაშორისო ურთიერთობების და პროექტების დეპარტამენტის დირექტორ ირენა მელუას და საერთაშორისო ურთიერთობების მენეჯერ ქეთი კარბაიას.

 

შეხვედრის ფარგლებში, სტუმარს, საქართველოს, როგორც გასტრონომიული ტურიზმის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი და სწრაფად განვითარებადი ქვეყნის კულტურა და ტრადიციები გააცნეს. აგრეთვე, მხარეებმა ერთობლივი პროგრამების შეთავაზება განიხილეს როგორც ქართველი, ასევე საერთაშორისო სტუდენტებისათვის.

 

ახალი პროექტის ფარგლებში, რომელსაც კავკასიის უნივერსიტეტი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით განახორციელებს, გურჯაანში, 2022 წელს გაიხსნება ბასკეთის კულინარიული აკადემია, რომელიც დაინტერესებულ პირებს შესთავაზებს ერთობლივ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს.