ბასკეთ-საქართველოს გასტრონომიული კონგრესი

5 მარტი 2024

1-3 მარტს, კაჭრეთში, პირველად გაიმართა ბასკეთ-საქართველოს გასტრონომიული კონგრესი - “Culinary Connection Euskadi-Georgia”, რომლის ერთ-ერთი მხარდამჭერიც კავკასიის უნივერსიტეტის გასტრონომიის აკადემია იყო.

 

კონგრესმა სამი დღის განმავლობაში 250-ზე მეტ ადამიანს უმასპინძლა. გაიმართა პანელური დისკუსიები, პრეზენტაციები და კულინარიული შოუ, რომელსაც ცნობილი ბასკი და ქართველი შეფები გაუძღვნენ. ღონისძიებაზე მოწვეული იყვნენ სასტუმროებისა და რესტორნების შეფ-მზარეულები საქართველოს ყველა კუთხიდან.

 

აღსანიშნავია, რომ ბასკეთის კულინარიის ცენტრისა და კავკასიის უნივერსიტეტის თანამშრომლობით გურჯაანში მიმდინარეობს კავკასიის გასტრონომიის აკადემიის მშენებლობა, რომელიც სტუდენტებს შესთავაზებს საერთაშორისო სტანდარტის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს, სადაც ქართველ ახალგაზრდებთან ერთად უცხოელი სტუდენტებიც ისწავლიან.

 

კავკასიის უნივერსიტეტის გასტრონომიის აკადემია მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქვეყანაში გასტრონომიული ტურიზმის განვითარებასა, ასევე, მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს კახეთის რეგიონის და, ზოგადად, საქართველოს ეკონომიკურ განვითარებაში.