ბათუმში კავკასიის უნივერსიტეტის კამპუსი და სკოლა გაიხსნება

10 ივლისი 2019

10 ივლისს, კავკასიის უნივერსიტეტის ბათუმის საუნივერსიტეტო კამპუსის და სკოლის მშენებლობის დაწყების პრეზენტაცია გაიმართა.

 

ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ირინე აბულაძე და კავკასიის უნივერსიტეტის და უნივერსიტეტთა საერთაშორისო ასოციაციის პრეზიდენტი კახა შენგელია. ღონისძიებას ესწრებოდნენ აჭარის მთავრობის და კავკასიის უნივერსიტეტის წარმომადგენლები, სტუდენტები და სხვა მოწვეული სტუმრები.

 

კავკასიის უნივერსიტეტი ბათუმში საგანმანათლებლო პროგრამებს 2010 წლიდან ახორციელებს ტურიზმის, სამართლის და ეკონომიკის მიმართულებით.

 

2019 წელს აჭარის მთავრობის ხელშეწყობით, დაიგეგმა ახალი კამპუსის გახსნა, რომლის სივრცე გათვლილია უნივერსიტეტისა და სკოლისთვის. კამპუსი აღჭურვილი იქნება თანამედროვე ინფრასტრუქტურით, ბიბლიოთეკით, ლაბორატორიებით, სპორტული მოედნებით, საცურაო აუზით და სტუდენტური საერთო საცხოვრებლით.

 

1500 ადილობრივ და საერთაშორისო სტუდენტზე და 500 მოსწავლეზე გათვლილი სივრცის მშენებლობა სამ წელიწადში დასრულდება.

 

კავკასიის უნივერსიტეტში შესაძლებელი იქნება სწავლა საბაკალავრო, სამაგისტრო და პროფესიული განათლების პროგრამებზე. ასევე იფუნქციონირებს ტრენინგ ცენტრი. კავკასიის უნივერსიტეტს მსოფლიოს 70 ქვეყნის 130-მდე პარტნიორი უნივერსიტეტი ჰყავს, რაც საშუალებას აძლევს მიიღოს უცხოელი სტუდენტები და ლექტორები, ჰქონდეს ორმაგი ხარისხის პროგრამები, ასევე გაცვლითი პროგრამები სტუდენტებისთვის, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის.

 

სოციალურად დაუცველი და წარჩინებული მოსწავლეებისთვის, ეროვნულ გამოცდებზე მაღალი ქულის მქონე სტუდენტებისთვის სწავლის საფასურზე იმოქმედებს შეღავათები.