კავკასიის უნივერსიტეტმა, ევროკავშირის ერაზმუს+ პროგრამის „ჟან მონე კათედრის“ კონკურსის ფარგლებში ახალი პროექტის დაფინანსება მოიპოვა.
2024 წლის შემოდგომის სემესტრიდან კავკასიის უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლა გაუძღვება ჟან მონეს კათედრას „ევროპის კავშირი მშვიდობის, კეთილდღეობისა და უსაფრთხოებისათვის“ (European Union for Peace, Prosperity end Security).
საქართველოს ევროპული მომავალი კიდევ უფრო მნიშვნელოვანს ხდის ევროკავშირის სწავლებას როგორც უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, ისე მის გარეთ.
კათედრის მიზანია, უპასუხოს ევროინტეგრაციის მნიშვნელოვან გამოწვევებსა და მოთხოვნებს, ხელი შეუწყოს მომავალი პროფესიონალების სწავლებას ევროპული კვლევების დარგში: დღეს ევროპასა და მთელ მსოფლიოში მიმდინარე ცვლილებების ფონზე შექმნას ახალი ცოდნა ევროკავშირის შესახებ, გააძლიეროს საქართველოში ევროკავშირის როლის, ევროკავშირის ფასეულობებისა და სტანდარტების მნიშვნელობის გააზრება.
კათედრის მიზნების მისაღწევად დაგეგმილია ხუთი სასწავლო კურსის მომზადება და განხორციელება, საკვირაო და საზაფხულო სკოლების ჩატარება. კათედრა ითვალისწინებს ასევე კვლევითი კომპონენტის განხორციელებას და სხვა აქტივობებს. კათედრას გაუძღვება კათედრის პროფესორი, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის პროფესორი გურანდა ჭელიძე და მისი გუნდი: კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორი ეკატერინე ქარდავა და ბუქარესტის უნივერსიტეტის პროფესორი რადუ კარპ.