კავკასიის უნივერსიტეტის ვიცე-პრეზიდენტმა ირენა მელუამ, ბიზნესისა და ეკონომიკის სკოლების საერთაშორისო ასოციაციის (NIBES) რიგით 28-ე ყოველწლიურ კონფერენციასა და მმართველი საბჭოს შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, რომელსაც რობერტ გორდონის უნივერსიტეტის, აბერდინის ბიზნესის სკოლამ უმასპინძლა შოტლანდიაში.
კონფერენციის ფარგლებში, გაიმართა სესიები მდგრადობის, ხელოვნური ინტელექტის, კვლევის ინოვაციებისა და სხვა მიმართულებებით.
შეხვედრის ფარგლებში, ქსელის წევრებმა ერთმანეთს გაუზიარეს ინფორმაცია უნივერსიტეტებში მიმდინარე სიახლეებთან და პროექტებთან დაკავშირებით. ასევე იმსჯელეს წევრებს შორის სამომავლო თანამშრომლობის ახალი მიმართულებების იდენტიფიცირებაზე.
ირენა მელუამ, როგორც ორგანიზაციის მმართველი საბჭოს წევრმა, პარტნიორებს წარუდგინა ქსელის შიგნით არსებული ინტერნაციონალიზაციის პროცესის შეფასების ანგარიში, რომელიც რაოდენობრივი კვლევის შედეგად მომზადდა და მიზნად ისახავს წევრ უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობის პროცესის წახალისებასა და მის ხელშეწყობას.
კენჭისყრის შედეგად ასოციაციის წევრმა უნივერსიტეტების წარმომადგენლებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი, ახალი წევრის ESCA Ecole de Management ის, მაროკოში ერთ-ერთი წამყვანი ბიზნესის სკოლის, ასოციაციაში გაწევრიანებას.
აღსანიშნავია, რომ ბიზნესისა და ეკონომიკის სკოლების საერთაშორისო ასოციაციის (NIBES) რიგით 29-ე ყოველწლიურ კონფერენციას და მმართველი საბჭოს შეხვედრას, 2025 წელს Yuan Ze University (ტაივანი) უმასპინძლებს. "NIBES"-ი საერთაშორისო ასოციაციაა, რომელიც ამჟამად 21 ქვეყნის 21 ბიზნესისა და ეკონომიკის სკოლას აერთიანებს. ორგანიზაციის მიზანია წევრ უნივერსიტეტებს შორის სტუდენტთა და აკადემიური გაცვლის, კვლევებისა თუ ერთობლივი აკადემიური პროგრამების მხარდაჭერა. აღსანიშნავია, რომ კავკასიის უნივერსიტეტმა NIBES-ის წევრის სტატუსი 2007 წელს, ჰიროსიმაში გამართულ მე-11 წლიურ შეხვედრაზე მოიპოვა და ერთადერთი ქართული უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაა ორგანიზაციაში.