თბილისში, სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრში, რეგიონული უნივერსიტეტების რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენციის წევრებსა და განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილის, ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის - ნუნუ მიცკევიჩისა და საქართველოში უნგრეთის ელჩის - ანა მარია შიკოს შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
აღნიშნულ ღონისძიებას ესწრებოდა კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტი კახა შენგელია, რომელიც რეგიონული უნივერსიტეტების რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენციის წევრია.
შეხვედრის მიზანი იყო ცენტრის არსებული სასტიპენდიო პროგრამების რეგიონული უნივერსიტეტების რექტორთათვის გაცნობა და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივების განხილვა.
შეხვედრაზე განხილული იყო ისეთი საკითხები, როგორებიცაა: ინტერნაციონალიზაციის პროცესში რეგიონული უნივერსიტეტების ჩართულობის მნიშვნელობა; სასტიპენდიო პროგრამებში რეგიონული უნივერსიტეტების სტუდენტთა მონაწილეობის შესაძლებლობები; არსებული წარმატებული გამოცდილება ქართულ-უნგრული სასტიპენდიო პროგრამის Stipendium Hungaricum’’-ის შესახებ, რომელიც სტუდენტებს 600-ზე მეტ სასწავლო კურსს სთავაზობს სხვადასხვა ენასა და მიმართულებაზე.
აღსანიშნავია, რომ ,,Stipendium Hungaricum’’ უკვე მეექვსე წელია საქართველოში განათლების საერთაშორისო ცენტრის ადმინისტრირებით ხორციელდება და 2017 წლიდან დღემდე 300-ზე მეტმა სტუდენტმა გააგრძელა სწავლა უნგრეთის საუკეთესო უმაღლეს სასწავლებლებში.
რეგიონული უნივერსიტეტების წარმომადგენლებმა, მათ შორის კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა, გამოთქვეს მზაობა, რომ, თავის მხრივ, აქტიურად ჩაერთვებიან სასტიპენდიო პროგრამებში და უზრუნველყოფენ სტუდენტთა დროულ ინფორმირებას მიმდინარე კონკურსების შესახებ, ასევე, უნივერსიტეტებში უმასპინძლებენ განათლების საერთაშორისო ცენტრისა და უნგრეთის საელჩოს წარმომადგენლებს სასტიპენდიო კონკურსის შესახებ საინფორმაციო შეხვედრების ფორმატში.