CSB-ის სტუდენტები "თიბისი კემპის" გამარჯვებულები არიან

23 იანვარი 2021

კავკასიის უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის სტუდენტები თიბისისა და თიბისი კაპიტალის სტუდენტური პროგრამის - „თიბისი კემპის“ მეორე ნაკადის გამარჯვებულები არიან.

 

პირველი ადგილი - კავკასიის უნივერსიტეტის, ბიზნესის სკოლის სტუდენტებმა - სანდრო ჭანტურიძემ, ნინა სანდლერმა და რატი კალანდარიშვილმა, მეორე ადგილი კი, - თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტებმა - საბა ამირიძემ, გიორგი კვენეტაძემ და ვახტანგ ღლონტმა დაიკავეს.

 

ჟიურის რჩეულ აღნიშნულ 2 გუნდს სპეციალური ჯილდო - თიბისის აქციები გადაეცა.

 

„თიბისი კემპი“, მთელი საქართველოს მასშტაბით, 12 უნივერსიტეტის ფინანსების ფაკულტეტის IV კურსის სტუდენტების სასწავლო პროგრამაში იყო ინტეგრირებული და მსურველებს მასში ჩართვა ნებაყოფლობით შეეძლოთ. სტუდენტებმა, სემესტრის განმავლობაში, პროგრამის სხვადასხვა ეტაპი გაიარეს: პირველ ეტაპზე თიბისი კაპიტალის საჯარო ლექციებს ესწრებოდნენ. შემდეგ, ერთად განიხილეს ბიზნეს-ქეისები, რომლებიც მათ დავალებასთან იყო კავშირში. ბოლო ეტაპზე კი, ჟიურის წინაშე, რომელიც თიბისი კაპიტალის მენეჯმენტისგან შედგებოდა, საბოლოო საინვესტიციო პროექტი წარადგინეს.

 

არსებული ვითარებიდან გამომდინარე, ყველა შეხვედრა ონლაინ რეჟიმში ჩატარდა.