ნეაპოლის სახელმწიფო უნივერსიტეტ „ლ’ორიენტალეს“ აზიის, აფრიკისა და ხმელთაშუა ზღვისპირეთის დეპარტამენტის ოფიციალური მოწვევით (დირექტორი - პროფ. რობერტა ჯიუნტა), 4-დან 12 ნოემბრამდე იტალიაში მივლინებით იმყოფებოდა პროფ. მარიამ მანჯგალაძე, რომელმაც „ლ’ორიენტალესა“ და კავკასიის უნივერსიტეტს შორის არსებული მემორანდუმის საფუძველზე წაიკითხა ლექციების კურსი საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკისა და თანამედროვე პერიოდის ენობრივი პოლიტიკის, ქართული დამწერლობის წარმოშობის, ქართველურ ენათა ოჯახის, ენობრივი და დიალექტური მოზაიკის შესახებ.
მისი მსმენელები იყვნენ ზოგადი ენათმეცნიერების (ლექტორი - პროფ. ჯანკარლო სკირუ), ქართული ენისა და ლიტერატურის, ქრისტიანული აღმოსავლეთის ისტორიის (ლექტორი - პროფ. გაგა შურღაია) კურსების სტუდენტები, აგრეთვე, ამ საკითხებით დაინტერესებული სხვა ახალგაზრდები. ლექციები ინტერაქციული ფორმით წარიმართა და დიდი ინტერესი გამოიწვია: დაისვა არაერთი საინტერესო შეკითხვა, რომელიც ასევე საინტერესო მსჯელობის საფუძველი გახდა.
ნეაპოლის სახელმწიფო უნივერსიტეტი „ლ’ორიენტალე“ ერთ-ერთი ყველაზე ძველი აღმოსავლეთმცოდნეობითი უმაღლესი სასწავლებელია (დაარსდა 1711-1723 წწ.), ხოლო მისი სინოლოგიური სკოლა - უძველესი ევროპაში. სამი წლის წინათ კავკასიის უნივერსიტეტსა და ნეაპოლის სახელმწიფო უნივერსიტეტ „ლ’ორიენტალეს“ შორის გაფორმდა სამეცნიერო და აკადემიური ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომლის ინიციატორები იყვნენ პროფ. მარიამ მანჯგალაძე და იტალიის სამეცნიერო წრეში აღიარებული მკვლევარი, „ლ’ორიენტალეს“ ქრისტიანული აღმოსავლეთის ცენტრის კოორდინატორი, პროფ. გაგა შურღაია.
პროფ. მარიამ მანჯგალაძის წარმატებული ვიზიტი ნეაპოლის სახელმწიფო უნივერსიტეტში „ლ’ორიენტალე“ და აზიის, აფრიკისა და ხმელთაშუა ზღვისპირეთის დეპარტამენტის სამეცნიერო და კულტურული საქმიანობა საფუძვლიან იმედს სახავს, რომ უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობა გაღრმავდება და კიდევ უფრო ნაყოფიერ შედეგს გამოიღებს.