CSL-ის პროფესორმა, ხათუნა ბურკაძემ CU-ს საერთაშორისო კონფერენციაზე -"ციფრული სამყაროს ევოლუცია და მდგრადი განვითარების მიზნები: ინდუსტრიებისა და პროფესიების ტრანსფორმაცია მდგრადი განვითარებისთვის" - ხელოვნური ინტელექტის უახლესი ტენდენციების თაობაზე მოხსენება წარადგინა. მდგრადი განვითარების მეოთხე მიზნის კონტექსტში მან ისაუბრა, თუ რამდენად შესაძლებელია ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით ინკლუზიური განათლების უზრუნველყოფა.
პროფესორმა ხათუნა ბურკაძემ აღნიშნა: „გაეროს მდგრადი განვითარების მეოთხე მიზანი (SDG 4) მიზნად ისახავს ინკლუზიური, სამართლიანი და ხარისხიანი განათლების უზრუნველყოფას და ყველასთვის სწავლის შესაძლებლობების ხელშეწყობას. თუმცა ამის მიღწევას ართულებს სტრუქტურული უთანასწორობა და შეზღუდული ხელმისაწვდომობა. ამ თვალსაზრისით ხელოვნურ ინტელექტს (AI), როგორც ციფრული ტრანსფორმაციის მნიშვნელოვან ინსტრუმენტს, შეუძლია საგანმანათლებლო გარემოში ინკლუზიურობის უზრუნველყოფა. AI-ის მეშვეობით შესაძლებელია ციფრული სწავლა-სწავლების პროცესის განვითარება ადგილმდებარეობის მიუხედავად, ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება, ენობრივი ინკლუზიურობისა და საგანმანათლებლო დაწესებულებებში მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილების მიღების უზრუნველყოფა.“
„ტრანსფორმაციული პოტენციალის მიუხედავად, განათლებაში ხელოვნური ინტელექტის დანერგვა უნდა შეესაბამებოდეს სამართლიანობის, გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების პრინციპებს. მონაცემთა კონფიდენციალურობის დაცვა, ალგორითმული მიკერძოების აღმოფხვრა და ყველა დაინტერესებულ მხარეს შორის ციფრული წიგნიერების განმტკიცება მნიშვნელოვანია სანდო ხელოვნური ინტელექტის კონცეფციის გასავითარებლად. საგანმანათლებლო დაწესებულებებმა უნდა შეიმუშაონ შესაბამისი ეთიკური ჩარჩოები, რათა უზრუნველყონ ხელოვნური ინტელექტის პასუხისმგებლიანი გამოყენება“, - დასძინა პროფესორმა ხათუნა ბურკაძემ.
