CU-ის საერთაშორისო კვირეულის პროგრამა 2024

11 მაისი 2024

7-11 მაისს, კავკასიის უნივერსიტეტმა, საერთაშორისო კვირეულის პროგრამას (International Staff Week Program) უმასპინძლა. პროგრამაში მონაწილეობა მიიღო 20-ზე მეტმა აკადემიურმა და ადმინისტრაციულმა პერსონალმა ევროპის 15-მდე პარტნიორი უნივერსიტეტიდან.

 

პროგრამის მონაწილეებმა დეტალური ინფორმაცია მიიღეს, როგორც უნივერსიტეტის მისიის, ინტერნაციონალიზაციის პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების, ასევე უნივერსიტეტში არსებული სერვისებისა და დეპარტამენტების საქმიანობის შესახებ.

 

პარტნიორი უნივერსიტეტების წარმომადგენლებს შესაძლებლობა ჰქონდათ მონაწილეობა მიეღოთ ინტერაქციულ სესიებში შემდეგ აქტუალურ თემებზე: ინტერნაციონალიზაცია უმაღლეს საგანმანათლებლო სექტორში; სტარტაპ აქსელერაციის პროგრამა - „Cunicorn”; საზღვარგარეთ სწავლა - საქართველოს შემთხვევის შესწავლა; კავკასიის უნივერსიტეტის საერთაშორისო პროექტების გაცნობა და ვორკშოპი ერთობლივი შესაძლებლობების შესწავლაზე; კრეატიული აზროვნება - სტრატეგიები „Thinking out of the box“ და ინოვაციური იდეების გენერირებისთვის.

 

აღსანიშნავია, რომ კვირეულის ფარგლებში, კავკასიის უნივერსიტეტის რელევანტურ ფაკულტეტებთან,  პროგრამაში მონაწილე უნივერსიტეტების პროფესორებისათვის ლექციები და მასტერკლასები ჩატარდა, ხოლო ადმინისტრაციული პერსონალისთვის შეხვედრები დაიგეგმა შესაბამის სკოლებთან და დეპარტამენტებთან. უცხოელ ლექტორებს უმასპინძლეს კავკასიის უნივერსიტეტის მედიისა და ბიზნესის სკოლებმა, ხოლო ადმინისტრაციულ პერსონალს როგორც არქიტექტურისა და დიზაინის სკოლამ, ასევე სტუდენტური და ორგანიზაციული ღონისძიებების დეპარტამენტმა.

 

ამას გარდა, კავკასიის უნივერსიტეტმა, აღნიშნული კვირეულის ფარგლებში პარტნიორი უნივერსიტეტების მონაწილეობით, საგანმანათლებლო გამოფენას უმასპინძლა. უნივერსიტეტის წარმომადგენლებს შესაძლებლობა ჰქონდათ, ქართველი და საერთაშორისო სტუდენტებისთვის წარედგინათ როგორც საკუთარი უმაღლესი სასწავლებლები და პროგრამები ასევე ქვეყნები და მათი კულტურა.

 

საერთაშორისო კვირეულის პროგრამის დასასრულს, მონაწილე პროფესორებსა და ადმინისტრაციულ პერსონალს გადაეცათ მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატები.