სახელმწიფო მართვის სკოლის დეკანი NISPAcee-ს 33-ე ყოველწლიურ კონფერენციაზე

10 ივნისი 2025

კავკასიის სახელმწიფო მართვის სკოლის დეკანი და ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საჯარო მმართველობის ინსტიტუტებისა და სკოლების ქსელის (NISPAcee) პრეზიდენტი, პროფ. ეკა აკობია მონაწილეობდა NISPAcee-ს 33-ე ყოველწლიურ კონფერენციაში, რომელიც 2025 წლის 22–24 მაისს ბრატისლავაში, სლოვაკეთი, ეკონომიკისა და ბიზნესის უნივერსიტეტის მასპინძლობით გაიმართა.

 

ყოველწლიური კონფერენციის მთავარი  თემა იყო პოლიკრიზისი და მრავალდონიანი მმართველობა: ზეგავლენები, მიღებული გამოცდილება, გამოწვევები და შესაძლებლობები. კონფერენციაზე საჯარო მმართველობის მკვლევრებმა და პრაქტიკოსებმა ევროპისა და მსოფლიოს მასშტაბით მმართველობითი სისტემების წინაშე მდგარი კომპლექსური და ურთიერთგადაჯაჭვული კრიზისების თაობაზე წარადგინეს მოხსენებები. გამხსნელი სიტყვა წარმოთქვეს სახელგანთქმულმა მეცნიერებმა — პროფესორმა ჯეიკობ ტორფინგმა და დოქტორმა მიროსლავ ბებლავიმ.

 

პროფ. აკობიამ უხელმძღვანელა არაერთ სესიას, მონაწილეობა მიიღო როგორც ინსტიტუციურ, ასევე აკადემიურ პანელებში და წარადგინა საკუთარი უახლესი კვლევა პირველი სამუშაო ჯგუფის ადგილობრივი თვითმმართველობა ფარგლებში. მისი მოხსენება შეეხებოდა დეცენტრალიზაციის, დემოკრატიზაციისა და ევროპეიზაციის ურთიერთკავშირს. კვლევის თეორიული ჩარჩო გახლდათ ინსტიტუციური თანმიმდევრობის ასპექტებისა და შედეგების გამოკვლევა საგარეო პირობითობის კონტექსტში.

 

პრეზიდენტის რანგში, პროფ. აკობიამ ხელი მოაწერა ორ მნიშვნელოვან მემორანდუმს (MoU) NISPAcee-ს სახელით:

 

  • ამერიკის საჯარო მმართველობის ასოციაციასთან (ASPA), რომელიც წარმოდგენილი იყო აღმასრულებელი დირექტორი უილიამ პ. შილდსი უმცროსის სახით;
  • საჯარო პოლიტიკის, ადმინისტრირების და მმართველობის სკოლების ქსელთან (NASPAA), რომელიც წარმოდგენილი იყო პრეზიდენტის, მოჰამად ალკადრის სახით, ხოლო ხელმოწერა შედგა აღმასრულებელი დირექტორის მართა ბოჰრტისა და  NISPAcee-ს აღმასრულებელი დირექტორის ლუდმილა გაჯდოშოვას თანამონაწილეობით.

 

ეს შეთანხმებები წარმოადგენს მნიშვნელოვან ნაბიჯს ტრანსატლანტიკური თანამშრომლობის გაღრმავებისა და გლობალური პარტნიორობის განვითარებისთვის საჯარო მმართველობის განათლებისა და კვლევის სფეროში.

 

კონფერენციის ფარგლებში ასევე აღინიშნა ქსელის პროფესორების აკადემიური და პროფესიული წარმატებები თუ მიღწევები შემდეგი ჯილდოებით:

 

  • ალენა ბრუნოვსკას სახელობის ჯილდო საჯარო მმართველობაში სწავლებისათვის გამოჩენილი წარმატებისთვის;
  • მზია მიქელაძის სახელობის ჯილდო საუკეთესო სადოქტორო კვლევისათვის;
  • NISPAcee- წინაშე დამსახურების ჯილდო და ალან როზენბაუმის სახელობის ჯილდო NISPAcee- რეგიონში განსაკუთრებული აკადემიური წვლილისათვის.

 

პროფ. აკობიამ პრეზიდენტობის ვადა დაასრულა და NISPAcee-ს მმართველი საბჭოს შემადგენლობას შეუერთდა წინამორბედი პრეზიდენტის სტატუსით.

 

კავკასიის უნივერსიტეტი აგრძელებს განსაკუთრებული წვლილის შეტანას ქსელის ფუნქციონირებაში როგორც ადამიანური ასევე ინსტიტუციური თვალსაზრისით, ხოლო უნივერსიტეტის პროფესორები აქტიურად მონაწილეობენ ქსელის აკადემიურ ღონისძიებებში, როგორიცაა კონფერენციები და აკადემიური პუბლიკაციები. კონფერენციაში ძლიერი ქართული წარმომადგენლობა  ხაზს უსვამს ქვეყნის მზარდ წვლილს საჯარო მმართველობის მეცნიერებასა და პრაქტიკაში.