კავკასიის უნივერსიტეტი ELSEVIER-ის სისტემაში ჩაერთვება

30 იანვარი 2019

კავკასიის უნივერსიტეტი ELSEVIER-ის საერთაშორისო სამეცნიერო სისტემაში ჩაერთვება. 2019 წელს პირველად, სახელმწიფოს სრული დაფინანსებით, საქართველოში მოქმედი სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტები და  სამეცნიერო-კვლევითი  ინსტიტუტები ჩაერთვებიან საერთაშორისო სამეცნიერო -  ELSEVIER-ის სისტემაში და ექნებათ წვდომა მასში შემავალ ბაზებზე:

 

  • Science Direct
  • SciVal finder
  • Scopus
  • Mendeley data

 

ELSEVIER გლობალური საინფორმაციო ანალიტიკური პლატფორმაა, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ორგანიზაციას სამეცნიერო, ტექნიკურ და სამედიცინო ელექტრონულ რესურსებს აწვდის. თანამედროვე საგამომცემლო სისტემა ნიდერლანდებში 1880 წელს დაარსდა და მასში 7500 ადამიანია დასაქმებული, ამ დროისთვის ELSEVIER 180 ქვეყანაშია ხელმისაწვდომი.

 

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა, მინისტრის მოადგილემ ირინა აბულაძემ და შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურმა დირექტორმა ზვიად გაბისონიამ, განათლების რეფორმის ფარგლებში, გამართეს პრეზენტაცია მეცნიერების მიმართულებით, სადაც ამ საკითხთან ერთად 2019 წლის საგრანტო კონკურსების ბიუჯეტების ზრდა, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსების მოქნილი და ეფექტური სქემის შემუშავება, კვლევების დაფინანსების დივერსიფიცირება და საერთაშორისო დონორების მოზიდვა განიხილეს, მათი მიზანი სამეცნიერო კვლევებში საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მოსწავლეთა მეტი ჩართულობაა, რადგან აღნიშნეს, რომ მეცნიერება ქვეყნისთვის პრიორიტეტული უნდა გახდეს.