ევროპის იურიდიული ფაკულტეტების ასოციაციის (ELFA) ყოველწლიური ასამბლეა

22 აპრილი 2024

17-19 აპრილს, ევროპის იურიდიული ფაკულტეტების ასოციაციის (ELFA) ყოველწლიური გენერალური ასამბლეა და კონფერენცია ედინბურგის უნივერსიტეტში (შოტლანდია) გაიმართა.

 

კავკასიის უნივერსიტეტის მხრიდან ღონისძიებას ესწრებოდნენ პრეზიდენტი კახა შენგელია, ვიცე-პრეზიდენტი ინტერნაციონალიზაციის მიმართულებით, ირენა მელუა და კავკასიის სამართლის სკოლის დეკანი, სოფიო შენგელია.   კონფერენციის მთავარი თემა გახლდათ ,, გლობალური იურიდიული განათლების მომავალი“.

 

ღონისძიების ფარგლებში რამდენიმე პანელური დისკუსია გაიმართა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე როგორებიცაა, გლობალური იურიდიული განათლების მიდგომები და გამოწვევები; ღირებულებები და უნარები; იურიდიული განათლების ინტერნაციონალიზაცია და ELFA-ს  როლი ამ პროცესში.  

 

აღსანიშნავია, რომ გენერალურმა ასამბლეამ იურიდიული ფაკულტეტების ასოციაციის (ELFA) ახალ პრეზიდენტად ბულგარეთის ეროვნული და მსოფლიო ეკონომიკის უნივერსიტეტის (UNWE) რექტორი, ჯივკო დრაგანოვისი აირჩა. ასამბლეამ ასვე  განიხილა ორგანიზაციის სამომავლო განვითარების საკითხები, განახლდა მმართველი საბჭოს შემადგენლობა და დამტკიცდა მომავალი წლის ბიუჯეტი.  

 

აღსანიშნავია, რომ კავკასიის სამართლის სკოლა წევრის სტატუსით ორგანიზაციას 2008 წლიდან შეუერთდა, თავის მხრივ ევროპული იურიდიული ფაკულტეტების ასოციაცია, ერთადერთი ორგანიზაციაა, რომელიც ევროპის დონეზე სამართლის ისეთ ფაკულტეტებს წარმოადგენს, რომლებიც იურიდიულ საგანმანათლებლო და სატრენინგო პროცესებში  აქტიურად არიან ჩართულნი.