საჯარო ლექცია - „ომი და მისი გავლენა ახალგაზრდების ფსიქიკაზე“

20 მაისი 2022

19 მაისს, კავკასიის უნივერსიტეტის წიგნის მაღაზიაში - „ლიბრარეა“ - ფსიქიკური ჯანმრთელობის ევროპული კვირეულის ფარგლებში, საჯარო ლექცია გაიმართა თემაზე: „ომი და მისი გავლენა ახალგაზრდების ფსიქიკაზე“.

 

ლექცია წაიკითხა კრიზისული ინტერვენციის სპეციალისტმა და ფსიქოლოგმა მარიამ ალანიამ.

 

ღონისძიება ეხებოდა კრიზისული სიტუაციების დროს ფსიქოლოგების როლს კრიზისით დაზარალებული პირების  ფსიქიკური ჯანმრთელობის შენარჩუნებაში. ასევე, განხილული იყო ისეთი კრიზისული სიტუაციები, როგორებიცაა პანდემია და ომი. ფსიქოლოგმა ისაუბრა სხვადასხვა ასაკობრივი კატეგორიის და სქესის ადამიანების პრობლემებზე და მათთან მუშაობის განსხვავებულ სტრატეგიებზე. საჯარო ლექცია წარიმართა არაფორმალურ გარემოში, კითხვა-პასუხის რეჟიმში.

 

16-19 მაისს, კავკასიის უნივერსიტეტში, ფსიქიკური ჯანმრთელობის ევროპულ კვირეულთან დაკავშირებით სხვადასხვა საგანმანათლებლო-შემეცნებითი აქტივობები იმართება, რომელთა მიზანია სტუდენტებში ცნობიერების ამაღლება ფსიქიკური ჯანმრთელობის მნიშვნელობის შესახებ.

 

ფსიქიკური ჯანმრთელობის ევროპულ კვირეულს კავკასიის უნივერსიტეტი აღნიშნავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ERASMUS+ CBHE ინსტიტუციური განვითარების პროექტის „ფსიქოლოგიური კონსულტაციის ცენტრების გახსნა სტუდენტებისთვის საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში (E-PSY)" ფარგლებში. პროექტის მიზანია საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, მათ შორის კავკასიის უნივერსიტეტში, სტუდენტთა ფსიქოლოგიური კონსულტაციის ცენტრების ჩამოყალიბება და ყურადღების გამახვილება სტუდენტთა ფსიქოლოგიური კონსულტაციის მნიშვნელობაზე.