17 მაისს, კავკასიის უნივერსიტეტის წიგნის მაღაზიაში - „ლიბრარეა“ - ფსიქიკური ჯანმრთელობის ევროპული კვირეულის ფარგლებში, უახლესი კვლევების პრეზენტაცია გაიმართა, კერძოდ - პანდემიის გავლენა ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე.
პრეზენტაცია ჩაატარა ნეიროფსიქოლოგმა, დოქტორმა, კავკასიის უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა, ფსიქოლოგიის ქართულენოვანი და ინგლისურენოვანი საბაკალავრო პროგრამების აკადემიურმა ხელმძღვანელმა - მაია მაჭავარიანი-წერეთელმა.
შეხვედრაზე განხილული იყო ისეთი საკითხები, როგორიცაა: უახლესი საერთაშორისო კვლევები, რომლებიც ასახავს კორონავირუსის (covid-19) გავლენას ადამიანების ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე. ასევე, ამერიკელი, ბრიტანელი, ავსტრალიელი და ჩინელი მეცნიერების მიერ ჩატარებული კვლევები და მათი შედეგები. ღონისძიება წარიმართა არაფორმალურ გარემოში, კითხვა-პასუხის რეჟიმში.
16-19 მაისს, კავკასიის უნივერსიტეტში, ფსიქიკური ჯანმრთელობის ევროპულ კვირეულთან დაკავშირებით სხვადასხვა საგანმანათლებლო-შემეცნებითი აქტივობები იმართება, რომელთა მიზანია სტუდენტებში ცნობიერების ამაღლება ფსიქიკური ჯანმრთელობის მნიშვნელობის შესახებ.
ფსიქიკური ჯანმრთელობის ევროპულ კვირეულს კავკასიის უნივერსიტეტი აღნიშნავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ERASMUS+ CBHE ინსტიტუციური განვითარების პროექტის „ფსიქოლოგიური კონსულტაციის ცენტრების გახსნა სტუდენტებისთვის საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში (E-PSY)" ფარგლებში. პროექტის მიზანია საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, მათ შორის კავკასიის უნივერსიტეტში, სტუდენტთა ფსიქოლოგიური კონსულტაციის ცენტრების ჩამოყალიბება და ყურადღების გამახვილება სტუდენტთა ფსიქოლოგიური კონსულტაციის მნიშვნელობაზე.