გურჯაანში კავკასიის უნივერსიტეტის გასტრონომიული აკადემია გაიხსნება

1 ოქტომბერი 2021

 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით, ბასკეთის კულინარიული ცენტრისა და კავკასიის უნივერსიტეტის თანამშრომლობით, გურჯაანში კავკასიის უნივერსიტეტის გასტრონომიული აკადემია გაიხსნება. აკადემიის დაფუძნების ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა, ბასკეთის კულინარიის ცენტრის დირექტორმა ხოსე მარი აიზეგამ, გურჯაანის, სიღნაღის, დედოფლისწყაროსა და საგარეჯოს მაჟორიტარმა დეპუტატმა დავით სონღულაშვილმა და კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა კახა შენგელიამ, რომლებმაც აუდიტორიას სიტყვით მიმართეს და ამ პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. 

 

ღონისძიების ფარგლებში, ბასკეთის კულინარიის ცენტრსა და კავკასიის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის ხელშეკრულებაც გაფორმდა, რომელიც ერთობლივი პროგრამების შემუშავებას ითვალისწინებს. ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა, კახა შენგელიამ და ბასკეთის კულინარიის ცენტრის დირექტორმა, ხოსე მარი აიზეგამ.

 

მიხეილ ჩხენკელმა მადლობის სიგელი გადასცა ბასკეთის კულინარიის ცენტრის დირექტორს, ხოსე მარი აიზეგასა და კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტს, კახა შენგელიას  კავკასიის უნივერსიტეტის გასტრონომიული აკადემიის დაფუძნებაში შეტანილი წვლილისათვის. 

 

კავკასიის უნივერსიტეტის გასტრონომიული აკადემია პირველ სტუდენტებს 2024 წელს მიიღებს და ეს იქნება გურჯაანში საერთაშორისო თანამშრომლობისა და კერძო-საჯარო პარტნიორობის ფარგლებში დაფუძნებული უმაღლესი სტანდარტების პროფესიული სასწავლებელი. აკადემია საქართველოს მოქალაქეებს შესთავაზებს საერთაშორისო სტანდარტის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს, სადაც ქართველ ახალგაზრდებთან ერთად უცხოელი სტუდენტებიც ისწავლიან. 

 

კავკასიის უნივერსიტეტის გასტრონომიული აკადემია მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქვეყანაში გასტრონომიული ტურიზმის განვითარებასა და ქართული კულინარიის შესახებ ცნობადობის ამაღლებას მსოფლიოს მასშტაბით, გარდა ამისა, მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს კახეთის რეგიონის და, ზოგადად, საქართველოს ეკონომიკურ განვითარებაში. 

აღსანიშნავია, რომ ბასკური კულინარიის ცენტრი ერთ-ერთი საუკეთესო გასტრონომიული სკოლაა მსოფლიოში. სასწავლო ცენტრში პროგრამებს ახორციელებენ მსოფლიოს წამყვანი სპეციალისტები. ცენტრში სხვადასხვა ქვეყნიდან ჩასული სტუდენტები იღებენ განათლებას და სწავლის დასრულების შემდეგ წარმატებულად საქმიანობენ გასტრონომიულ სფეროში გლობალურ ასპარეზზე. 

 

კავკასიის უნივერსიტეტის გასტრონომიული აკადემიის დაფუძნებისადმი მიძღვნილ ღონისძიებას  საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.