ჰარვარდის უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრმა და კავკასიის უნივერსიტეტმა გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან თანამშრომლობით ლიდერობის უნიკალური პროგრამის განხორციელება დაიწყეს

19 ივნისი 2025

19 ივნისს, კავკასიის უნივერსიტეტის კამპუსში ოფიციალურად გაიხსნა ჰარვარდის უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების პროფესიული და აღმასრულებელი განვითარების ცენტრის პროგრამა – „ლიდერობა: ორგანიზაციული ცვლილებებისა და წარმატების მართვა“.

 

პროგრამა გახსნეს კურსის ხელმძღვანელმა - ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორმა, ორგანიზაციული ქცევის, სტრატეგიისა და ლიდერობის ექსპერტმა ლორი პასკალმა; კავკასიის უნივერსიტეტის ვიცე-პრეზიდენტმა ირენა მელუამ და გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტის ანალიტიკოსმა ელენე გაბელაიამ.

 

ჰარვარდის პროფესორების მიერ შემუშავებული ეს უნიკალური პროგრამა აერთიანებს რეგიონში ფინანსურ სექტორში დასაქმებულ 30-ზე მეტ ქალ პროფესიონალს და მიზნად ისახავს მათი ლიდერობის უნარების გაძლიერებას.

 

კურსი მოიცავს ინტერაქციულ ლექციებს, ქეისების ანალიზს, გუნდურ სავარჯიშოებს, სტრატეგიულ დისკუსიებსა და პრაქტიკულ აქტივობებს, რაც მონაწილეებს შესაძლებლობას მისცემს, მიღებული ცოდნა დაუყოვნებლად გამოიყენონ საკუთარ პროფესიულ საქმიანობაში.

 

პროგრამის მონაწილეები იმ ფინანსური ინსტიტუტების წარმომადგენლები არიან, რომლებიც გაეროს ქალთა გაძლიერების პრინციპების (WEPs) ხელმომწერები არიან.

 

აღსანიშნავია, რომ პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women Georgia) მხარდაჭერით და დანიის მთავრობისა და ნორვეგიის განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს (NORAD) ფინანსური მხარდაჭერით.

 

კავკასიის უნივერსიტეტისთვის ჰარვარდის უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრთან  თანამშრომლობა წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს ნაბიჯს გლობალური დონის საგანმანათლებლო პროგრამების საქართველოში განხორციელების გზაზე და კიდევ ერთხელ ადასტურებს უნივერსიტეტის ინტერნაციონალიზაციის სტრატეგიასა და ლიდერობის განვითარებისკენ მიმართულ მისწრაფებებს.