2026 წლის 16 აპრილს, კავკასიის უნივერსიტეტის მწვანე ტურიზმის ჰაბის დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრომლობის სერიის ფარგლებში გაიმართა შეხვედრა ევროპის სკოლის წარმომადგენლებთან: ანა ჩახნაშვილი (საერთაშორისო ბაკალავრიატის სადიპლომო პროგრამის (DP) კოორდინატორი), ნინო საჩალელი (საერთაშორისო ბაკალავრიატის კარიერული პროგრამის (CP) კოორდინატორი) და დავით კბილაშვილი (DP და CP პროგრამების ხელმძღვანელი).
შეხვედრისას ევროპის სკოლის წარმომადგენლებს მიეწოდათ ინფორმაცია მწვანე ტურიზმის ჰაბის მიზნებსა და დაგეგმილი საქმიანობების შესახებ. შეხვედრის მთავარი მიზანი იყო IB პროგრამის მოსწავლეებისთვის მწვანე ტურიზმისა და სერვისის დიზაინის მიმართულებით ტრენინგების შეთავაზების შესაძლებლობების განხილვა.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო იმ გარემოებას, რომ IB პროგრამა ორიენტირებულია პრაქტიკულ სწავლებასა და მდგრად განვითარებაზე, რაც სრულად თანხვედრაშია ჰაბის მიზნებთან. შესაბამისად, განხილულ იქნა მოსწავლეებზე მორგებული ტრენინგ-კურსების განვითარება, რომლებიც შეიძლება განხორციელდეს როგორც სასწავლო წლის განმავლობაში, ისე საზაფხულო ბანაკის ფორმატში.
მხარეები შეთანხმდნენ თანამშრომლობის გაგრძელებაზე. მწვანე ტურიზმის ჰაბი გეგმავს გააფართოოს თანამშრომლობა სხვა IB პროგრამის მქონე სკოლებთან, რათა ხელი შეუწყოს მდგრადი ტურიზმის სფეროში ცოდნის გავრცელებასა და ახალგაზრდებში პრაქტიკული უნარების განვითარებას.
მწვანე ტურიზმის ჰაბი 2025 წლის 30 სექტემბერს კავკასიის უნივერსიტეტში დაფუძნდა, ERASMUS+ CBHE პროგრამის ENRICHER Hubs პროექტის „მწვანე ტურიზმის კონცეფციის შემუშავება ცოდნის გაღრმავების გზით“ ფარგლებში. ჰაბი წარმოადგენს კავკასიის ტურიზმის სკოლის ინოვაციურ სივრცეს, რომელიც აღჭურვილია უახლესი ტექნოლოგიური და აკადემიური რესურსებით.
ჰაბის მიზანია მდგრადი ტურიზმის მიმართულებით ინოვაციური სწავლების მიდგომების დანერგვა, მომსახურების დიზაინის მეთოდების პრაქტიკაში გამოყენება და მდგრადი ტურიზმის შესახებ ცნობიერების ამაღლება. ასევე, ჰაბი ისახავს მიზნად დააკავშიროს ტურიზმის სექტორის დაინტერესებული მხარეები, აკადემია და სტუდენტები, რათა ერთობლივად უპასუხონ სექტორში არსებულ გამოწვევებს და განახორციელონ საერთო პროექტები.
