ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი 4 უნივერსიტეტს შორის

10 იანვარი 2019

10 იანვარს, GIPA-ს ინიციატივით, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტს (GIPA), კავკასიის უნივერსიტეტს, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტს შორის.

 

უმაღლესი საგანმანათლებლო სივრცისა და დამსაქმებელთა მოთხოვნების თანხვედრის მნიშვნელობის გათვალისწინებით, მემორანდუმის საფუძველზე მხარეები შეთანხმდნენ ითანამშრომლონ და „GICE Partnership“ პროექტის (პროექტის დასახელება გამომდინარეობს მემორანდუმის ხელმომწერი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სახელწოდებებიდან) ფარგლებში განახორციელონ საქართველოს შრომის ბაზრის ერთობლივი კვლევა. ეს საქართველოს უნივერსიტეტებს შორის ამ მიზნით წარმოებული თანამშრომლობის პირველი პრეცედენტია.

 

„GICE Partnership“ პროექტის ფარგლებში ჩატარდება საქართველოს შრომის ბაზარზე არსებული მოთხოვნების რაოდენობრივი კვლევა, რომლის მიზანია დადგინდეს, საქართველოში დამსაქმებლების მხრიდან თუ რა ტიპის ცოდნასა და უნარებზე/კომპეტენციებზეა მოთხოვნა ზემოთ ხსენებული უნივერსიტეტების აკადემიური პროგრამების მიხედვით. კვლევას განახორციელებს ა(ა)იპ საქართველოს სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი.

 

ამასთან, მხარეები შეთანმხდნენ ითანამშრომლონ საერთო ინტერესის სფეროში შემავალი სხვა მიმართულებებით, როგორიცაა აქტუალური საკითხების ირგვლივ ერთობლივი პროექტების განხორციელება, სასწავლო სახელმძღვანელოებისა და სხვა სახის პუბლიკაციების მომზადება და გამოქვეყნება.