მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა კახა შენგელიამ და NISPAcee-ს პრეზიდენტმა მარიუს პროფირიუმ.
ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე.
კონფერენციას მასპინძლობს კავკასიის უნივერსიტეტის სახელმწიფო მართვის სკოლა (CSG) და მასში მონაწილეობას იღებს 30-ზე მეტი სახელმწიფოს 300-მდე წარმომადგენელი, მათ შორის, პროფესორები, აკადემიური წრეების წარმომადგენლები, საჯარო მოხელეები და სტუდენტები.
კონფერენციის ფარგლებში იმართება 10 სამუშაო ჯგუფის (I - ადგილობრივი თვითმმართველობა, II - ელექტრონული მმართველობა, III - საჯარო მმართველობა და ეთიკა, IV - საჯარო სამსახურების რეფორმა, V - რეგიონული განვითარება და რეგიონთაშორისი თანამშრომლობა, VI - საჯარო ფინანსები და მენეჯმენტი, VII - საჯარო პოლიტიკის ანალიზი, VIII - საჯარო მმართველობის სფეროში განათლება, IX - ადგილობრივი საჯარო პოლიტიკა, X - ტრანზიცია, ცვლილებები და გაურკვევლობა) შეხვედრები. ტარდება ასევე რამდენიმე პანელი და დისკუსია, მათ შორის, პანელი ღია მმართველობის, საჯარო მმართველობის სისტემების ევროპეიზაციის და საჯარო მმართველობის ახალი მოდელების შესახებ.
კონფერენციის მხარდამჭერები არიან ევროკომისია, ფრიდრიხ ებერტის ფონდი და საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო.
{phocagallery view=category|categoryid=676|limitstart=0|limitcount=0}