31 ოქტომბერს, რუსთავში, კოლეჯ მოდუსში, კავკასიის უნივერსიტეტის ინოვაციების და მეწარმეობის ცენტრმა, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) ინიციატივითა და მხარდაჭერით გამართა ქვემო ქართლის პრე-აქსელერაციის პროგრამის დასკვნითი ღონისძიება, დემო დღე.
პრე-აქსელერატორის მთავარი მიზანი ქვემო ქართლის რეგიონში რეგისტრირებული სტარტაპერებისა და მეწარმეების დახმარებაა საკუთარი ბიზნეს იდეების განვითარებაში, იდეიდან და პროდუქტიდან დაწყებული, GITA- ს 25 000 ლარიანი რეგიონული საგრანტო პროექტის წარდგენით დამთავრებული.
7 კვირის განმავლობაში, პროგრამის მონაწილეებმა გაიარეს როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული ტრენინგების ინტენსიური სესიები, რომლებსაც უძღვებოდნენ სტარტაპ ეკოსისტემის აქტიური წარმომადგენლები.
პრე-აქსელერაციის პროგრამის ტრენერები:
- ირაკლი სვანიძე - კავკასიის უნივერსიტეტის ინოვაციების და მეწარმეობის ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი, CU- ს მოწვეული ლექტორი;
- სანდრო კანდელაკი - Student Hunt -ის თანადამფუძნებელი;
- ია ჯიქია -Helio. Ai - ის თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი;
- გიორგი რაზმაძე - Awork – ის თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი.
დემო დღის ფარგლებში, პროგრამის მონაწილეები ჟიურისა და დამსწრე საზოგადოების წინაშე საკუთარი სტარტაპ იდეებით წარდგნენ, ხოლო ღონისძიების დასასრულს, ჟიურის წევრებმა - საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს პროექტების მენეჯერმა ანა მაისურაძემ, Kovzy.com- ის დამფუძნებელმა ალექსანდრე ცინცაძემ და Phubber App -ის თანადამფუძნებელმა, გიორგი ჩუგოშვილმა გამოავლინეს გამარჯვებული სტარტაპი stamo.AI, რომელსაც კავკასიის უნივერსიტეტმა ჯილდოს სახით 2000 ლარი გადასცა.
დემო დღეზე წარმოდგენილი გახლდათ შემდეგი სტარტაპები:
- Stamo.AI - ვებ-აპლიკაცია, რომელიც ბლოგებს გარდაქმნის მოკლემეტრაჟიან ანიმაციურ ვიდეოებად და ეხმარება ბლოგერებს გაზარდონ აუდიტორიის ჩართულობა.
- Tutorcloud - ციფრული პლატფორმა რომელიც მომხმარებლებს ეხმარება იპოვოს ნებისმიერი მისთვის სასურველი სფეროს რეპეტიტორი
- MODI - პერსონალიზირებული ივენთ პლატფორმა, რომელიც პირდაპირ ანაწილებს ატვირთულ ღონისძიებებს სამიზნე აუდიტორიასთან.
- ბიოტერა - ინოვაციური ბიო სასუქის წარმოება თანამედროვე მეთოდებით და მისი რეალიზაცია ვებ პლატფორმის საშუალებით.
- Kinesthesia - ონლაინ პლატფორმა,რომელიც მომხმარებელს სთავაზობს,სარეაბილიტაციო სერვისებით სარგებლობას,მათთვის სასურველ დროსა და ადგილას.
- ScribArt - დამწყები ავტორების, რედაქტორების და დიზაინერების დამაკავშირებელი პლატფორმა, რომელიც აადვილებს ციფრული ნაშრომების გამოცემას.
- NikkosEats - ვებ- პლატფორმა რომელიც მომხმარებლებს სთავაზობს კერძების შეკვეთას თავიანთი რეცეპტებით და პროდუქტებით სასურველ ბიუჯეტში.
- Arttree - ციფრული ხელოვნების ონლაინ გალერეა, სადაც მსურველს შეუძლია შეიძინოს პლაგიატისგან დაცული, საავტორო ნამუშევრები.
- Gamecrafter AI - ციფრული სამაგიდო თამაშების შექმნის პლატფორმა.