კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა ამერიკის საელჩოს დელეგაციას უმასპინძლა

23 სექტემბერი 2025

კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა, კახა შენგელიამ, ამერიკის საელჩოს დელეგაციას გაცნობით შეხვედრაზე უმასპინძლა, რომელიც მიზნად ისახავდა უნივერსიტეტსა და საელჩოს შორის პარტნიორული ურთიერთობების შემდგომი გაძლიერებას, მიმდინარე პროექტების შედეგების შეჯამებას და სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებების განსაზღვრას. 

 

შეხვედრას ესწრებოდნენ ამერიკის საელჩოს წარმომადგენლები: ჰარვი სერნოვიცი, საჯარო დიპლომატიის განყოფილების ხელმძღვანელი, ივენ კალი, აშშ-ის საელჩოს კულტურის ატაშე, სოფო ბზიშვილი, უმაღლესი და პროფესიული განათლების პროგრამების კოორდინატორი ხოლო კავკასიის უნივერსიტეტის მხრიდან - ირენა მელუა, ვიცე პრეზიდენტი ინტერნაციონალიზაციის მიმართულებით, და აკაკი კაპანაძე, პროექტების დეპარტამენტის დირექტორი.

 

შეხვედრის ფარგლებში კავკასიის უნივერსიტეტმა დელეგაციის წევრებს გააცნო საელჩოს მხარდაჭერით განხორციელებული ინიციატივები და მათი შედეგები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო UCBP (University Capacity Building Program)-ის ფარგლებში განხორციელებულ აქტივობებს, რომლებიც მნიშვნელოვნად უწყობს ხელს სტუდენტური შესაძლებლობების გაფართოებას, აკადემიური პროგრამების განვითარებასა და უნივერსიტეტის კვლევითი და ინოვაციური  გარემოს გაძლიერებას.

 

შეხვედრაზე ასევე წარმოდგენილი იყო კავკასიის უნივერსიტეტის მიმდინარე და სამომავლო სტრატეგიული გეგმები. განხილული იქნა თანამშრომლობის ახალი შესაძლებლობები, რომლებიც ხელს შეუწყობს უნივერსიტეტის როლის გაძლიერებას ინოვაციების, მეწარმეობის, საერთაშორისო პარტნიორობისა და განათლების ხარისხის განვითარების მიმართულებით.