საჯარო ლექცია - “რამდენიმე ცნობილი ქრისტიანული ძეგლის ლოკალიზაცია თურქეთის ტერიტორიაზე“

6 ივნისი 2024

6 ივნისს, ტურიზმის სკოლის პროფესორ თეიმურაზ ხუციშვილის საჯარო ლექცია გაიმართა თემაზე - “რამდენიმე ცნობილი ქრისტიანული ძეგლის ლოკალიზაცია თურქეთის ტერიტორიაზე“.

 

ლექციაზე განიხილეს ისტორიული სამცხის თურქეთში მდებარე კულტურული მემკვიდრეობა და მათი ადგილი ტურიზმში.

 

წარმოდგენილი უახლესი კვლევის შედეგები იძლევა საშუალებას დამუშავდეს ახალი მარშრუტები, რომელიც საინტერესოა ტურისტული თვალსაზრისით.

 

ბასილი ზარზმელის (IX-X) და აბუსერიძე ტბელის (XIII) თხზულებებში მოხსენიებულია რამდენიმე მონასტერი და ეკლესია, რომლებიც არ იყო იდენტიფიცირებული კონკრეტულ არქიტექტურულ ან არქეოლოგიურ ძეგლთან.

 

მათ შორის: ყველის მონასტერი, ორღართის წმინდა გიორგის, აგრეთვე, შუარტყლის იოანე ნათლისმცემლისა და წმინდა გიორგის ეკლესიები. ჩატარებული საექსპედიციო და სხვა საკვლევი სამუშაოების შედეგად შესაძლებელი გახდა ხსენებული მონასტრისა და ეკლესიების ადგილმდებარეობის დაზუსტება და აღწერა.

 

სამცხის ამ ნაწილის შესწავლას 2003 წლიდან ახორციელებდა კავკასიის უნივერსიტეტი და საქართველოს კულტურისა და ტურისტული რესურსების კვლევის ცენტრი. სამუშაოები მნიშვნელოვანწილად დაფინანსებული იყო შოთა რუსთაველის სამეცნიერო ფონდის მიერ.