დაიწყო SDG ინოვაციის აქსელერაციის პროგრამა ახალგაზრდა პროფესიონალებისთვის

14 თებერვალი 2023

14 თებერვალს, კავკასიის უნივერსიტეტში, გაეროს გლობალური შეთანხმების „მდგრადი განვითარების მიზნების (SDG) ინოვაციის აქსელერაციის პროგრამა ახალგაზრდა პროფესიონალებისთვის “ გახსნითი ღონისძიება გაიმართა.

 

დამსწრეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის აღმასრულებელმა დირექტორმა, სალომე ზურაბიშვილმა და  კავკასიის უნივერსიტეტის ვიცე-პრეზიდენტმა ინტერნაციონალიზაციის მიმართულებით, ირენა მელუამ.

 

SDG ინოვაციის აქსელერაციის პროგრამა პირველად ტარდება საქართველოში და  გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ექსკლუზიური პარტნიორი არის კავკასიის უნივერსიტეტის ინოვაციების და მეწარმეობის ცენტრი.

 

ღონისძიების ფარგლებში, გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის კორპორაციული მდგრადობის აკადემიის კოორდინატორმა, ნინო ლიპარტელიანმა მონაწილეებს აქსელერაციის პროგრამის შინაარსი, მისია და მიზნები გააცნო. წარადგინეს აქსელერაციის პროგრამის მენტორები, ფასილიტატორი და  მონაწილე კომპანიების წარმომადგენლები.

 

ღონისძიების ბოლოს, გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელსა და კავკასიის უნივერსიტეტს შორის, ხელი მოეწერა ურთიერთშეთანხმების მემორანდუმს, რომელიც მიზნად ისახავს მხარეებს შორის სტრატეგიული პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავებას და საქართველოში ზემოხსენებული პროგრამის ერთობლივად განხორციელებას.

 

„მდგრადი განვითარების მიზნების ინოვაციის აქსელერაციის  პროგრამა ახალგაზრდა პროფესიონალებისთვის“ გაეროს გლობალური შეთანხმების წევრ კომპანიებში დასაქმებული ახალგაზრდა პროფესიონალებისთვისაა შემუშავებული. პროგრამის მიზანია  ახალგაზრდების ჩართულობის გაზრდა კომპანიაში მდგრადი ინოვაციების მართვისა და საბაზრო თუ საზოგადოებრივი ღირებულების მქონე ხელშესახები ინიციატივების დაგეგმვისა და განხორციელების პროცესში.

 

აქსელერაციის პროგრამა გაეროს გლობალური შეთანხმების და შვედეთის საელჩოს მხარდაჭერით და კავკასიის უნივერსიტეტთან თანამშრომლობით ხორციელდება.