26 მარტს, კავკასიის უნივერსიტეტში, გაიმართა გაეროს გლობალური შეთანხმების „მდგრადი განვითარების მიზნების ინოვაციის აქსელერაციის პროგრამა ახალგაზრდა პროფესიონალებისთვის“ - პირველი სამუშაო შეხვედრა.
SDG ინოვაციის აქსელერაციის პროგრამა უკვე მესამედ ტარდება საქართველოში და გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ექსკლუზიური პარტნიორია კავკასიის უნივერსიტეტის ინოვაციების და მეწარმეობის ცენტრი.
პროგრამის გახსნით შეხვედრაზე, დამსწრეებს სიტყვით მიმართეს კავკასიის უნივერსიტეტის ინოვაციების და მეწარმეობის ცენტრის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა ირაკლი სვანიძემ და გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის აქსელერაციის პროგრამებისა და აკადემიის მენეჯერმა, ქეთი ბოჭორიშვილმა.
შეხვედრას ფასილიტაცია გაუწია გაეროს განვითარების პროგრამის „საჯარო მმართველობის მხარდაჭერა საქართველოში“ პროექტის მენეჯერმა, სესილი ვერძაძემ.
ღონისძიების ფარგლებში, ორგანიზატორებმა მონაწილეებს გააცნეს აქსელერაციის პროგრამის შინაარსი, მისია და მიზნები. ასევე, წარადგინეს პროგრამის მენტორები და მონაწილე კომპანიების წარმომადგენლები. შეხვედრის მთავარი თემა იყო გამოწვევების იდენტიფიცირება, რომლის ფარგლებშიც პროგრამის მონაწილეები გაეცნენ გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებს, განიხილეს მათი კომპანიების წინაშე არსებული გამოწვევები და შეასრულეს თემატური სავარჯიშოები.
აქსელერაციის პროგრამის ფარგლებში, მონაწილე კომპანიებს მენტორობას გაუწევენ ინოვაციების და მეწარმეობის ცენტრის გამოცდილებული მენტორები:
- ირაკლი სვანიძე – ინოვაციების და მეწარმეობის ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი;
- გიორგი რაზმაძე – Awork-ის CEO;
- გიორგი მუმლაძე – Awork-ის COO;
- ლევან ასანიძე – სტარტაპ Herio-ს თანადამფუძნებელი და CEO.
მენტორები ინდივიდუალურად იმუშავებენ მონაწილე კომპანიებთან, რათა დაეხმარონ მათ პროექტების დახვეწასა და განვითარებაში, უზრუნველყონ სტრატეგიული კონსულტაცია და ხელი შეუწყონ მათი პროექტების განხორციელებას.
SDG ინოვაციის აქსელერაციის პროგრამა ახალგაზრდა ინოვატორებისთვის გაეროს გლობალური შეთანხმების ქსელი წევრებისთვის შექმნილი პროგრამაა, რომლის მიზანია, დაეხმაროს ახალგაზრდა პროფესიონალებს ბიზნეს ინოვაციებისა და მდგრადი განვითარების მიზნების ეფექტურად დანერგვაში.
აქსელერაციის პროგრამის მესამე ნაკადში მონაწილეობას იღებს 15 კომპანია, მათ შორის:
Combined Ratio Solutions, ICR, Gazelle Finance, Primera Golf & Residence LLC, Kudos, The Crossroads, Loialte, Socar, Betterfly, Green Steps, Eco Brands, BTU, TBC Bank, EY, MFO Georgian Credit.
აქსელერაციის პროგრამა გაეროს გლობალური შეთანხმების მხარდაჭერით, კავკასიის უნივერსიტეტთან თანამშრომლობით, შვედეთის დაფინანსებული პროექტის ,,ლიდერობა მდგრადი განვითარებისთვის საქართველოში“ ფარგლებში ხორციელდება.